LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო არ იცვლება: ისევ მოგების გარეშე

101

საქართველოს ნაკრებმა წააგო. ამაში გასაკვირი აბა რა უნდა იყოს, მაგრამ ახლა ისეთ გუნდს ვეთამაშებოდით, რომ იმედი იყო. უელსმა პირველად მოგვიგო, აქამდე ჩატარებულ სამ ოფიციალურ და ერთ ამხანაგურ შეხვედრაში აშკარა უპირატესობა ჩვენსკენ იყო და ქომაგის იმედიც სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდა. საქართველომ იცის ამოჩემება და მერე ჭირს ჩვენი დამარცხება, მაგრამ აგერ უელსმა ეს ნავსი გატეხა. ალბათ იმიტომ რომ ძალიან ჭირდებოდა თბილისიდან სამი ქულის წაღება. უელსი თუ რუსეთის მუნდიალზე წავიდა, ამას 60-წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხებს და ბუნებრივია, ჩრდილოელების მონდომება. მოკლედ, უელსს უფრო ჭირდებოდა მოგება და მოიგო კიდეც. რაც მთავარია, ეს დაიმსახურა. მართალია ჩვენმა გუნდმა ბოლოსკენ მოუმატა და ხიფათიც შექმნა, მაგრამ ეს საკმარისი არასდროს არ არის საბოლოო გამარჯვებისთვის. თამაში 90 წუთი იმიტომ არ გრძელდება, რომ მეტოქის კარს მხოლოდ 10 წუთით დაემუქრო. ეს არ იყო საქართველოს ყველაზე ცუდი მატჩი (ზოგადად ცუდიც არ ყოფილა), მაგრამ არ იყო და ვერც იქნებოდა ყველაზე კარგი მატჩი. ვითამაშეთ საშუალოდ, ვერ ვაჯობეთ მეტოქეს და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ.

ახლა, სამიოდ დღეში, სტუმრად სერბეთის ნაკრებს ვეთამაშებით (დიდი ალბათობით ვერც ამ მატჩს მოვიგებთ) და დავემშვიდობებით რუსეთის მუნდიალის შესარჩევ ტურნირს. ისევ გამარჯვების გარეშე.

 

საქართველო – უელსი 0:1 (0:0)

საქართველო: ლორია, კაშია, კვერკველია, კაკაბაძე, ნავალოვსკი, კანკავა, ყაზაიშვილი, კვეკვესკირი(’76 ჯიღაური), გვილია(’89 ხოწოლავა), მერებაშვილი, ქვილითაია(’74 სხირტლაძე);

უელსი: ჰენესი, გუნტერი, დეივისი, ჩესტერი, უილიამსი, ალენი, კინგი, რემზი, ლედლი(’89 ედვარდსი), ლოურენსი(’90ბუდბარნი), ვოუკსი(’74 რობსონ-კანუ)

გოლი: 0:1 ლოურენსი (49)

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g