LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ბერლინის 67-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

63

ბერლინის პრესტიჟულ კინოფესტივალზე წელს საქართველო მასშტაბურად იქნება წარმოდგენილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან კინოფესტივალზე ერთდროულად 4 ქართული ფილმი მოხვდა. ქართულ ფილმებს შემდეგ სექციებში აჩვენებენ:

  • ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმი „ჩემი ბედნიერი ოჯახი”(Polare Film) – Forum
  • რატი ონელის დოკუმენტური ფილმი „მზის ქალაქი” (Oneli Film Association Ltd) – Forum
  • რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები” (20 steps productions) – Panorama
  • ნათია ნიკოლაშვილის ანიმაციური ფილმი Li.le (20 steps productions) – Generation

ეროვნული კინოცენტრი ბერლინალეს ფარგლებში ორგანიზებულ ევროპული კინოს ბაზრობაზე საქართველოს სტენდს მეთორმეტედ წარადგენს. აღსანიშნავია, რომ საქართველო წელს კოპროდუქციის ბაზრობის ფოკუსშია, რომელსაც ყოველწლიურად 600-ამდე წამყვანი რეჟისორი და პროდიუსერი ესწრება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. სტუმრები ბროშურების მეშვეობით გაეცნობიან ეროვნული კინოცენტრის საქმიანობას და მიიღებენ ინფორმაციას ქართული ფილმწარმოების შესახებ.

კოპროდუქციის ბაზრობაზე ეროვნული კინოცენტრი მოაწყობს მიღებას, სადაც მოხდება ქართული კინოინდუსტრიის პრეზენტაცია და საქართველოს, როგორც მიმზიდველი გადასაღები ქვეყნის წარდგენა დამსწრე საზოგადოებისათვის. სტუმრები გაეცნობიან ბერლინალეზე წარმოდგენილი ქართული ფილმების გადამღებ ჯგუფებს და ნახავენ სარეკლამო ვიდეოს ქართული კინოინდუსტრიის შესახებ.

ასევე, გაიმართება სპეციალური სესია (country session) 5 ქვეყნის მონაწილეობით, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ქვეყანა საქართველო იქნება. მოდერატორის დახმარებით, ქვეყნები დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას და მიღწეულ წარმატებებს გაუზიარებენ.

ბერლინალეს ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს წვეულების მოწყობაც, რომელიც კინოფესტივალის ქართველ და უცხოელ სტუმრებს უმასპინძლებს.

gnfc.ge

magti 5g