LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ბერლინის 68-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე

116

ეროვნული კინოცენტრი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე წელს მეცამეტედ იქნება წარმოდგენილი. ევროპული კინოს ბაზრობაზე (EFM) საქართველოს სტენდს ამჯერად ეკონომიკის სამინისტროს სააგენტო “აწარმოე საქართველოში” და ეროვნული კინოცენტრი ერთობლივად წარმოადგენენ. საქართველოს პავილიონში ქართული ფილმების პრომოუშენის გარდა, საქართველოში გადაღებით დაინტერესებული უცხოელი კინომწარმოებლებისთვის პროგრამის „გადაიღე საქართველოში” გაცნობა მოხდება.

16 თებერვალს ბერლინალეს სექციაში Panorama შედგება თინათინ ყაჯრიშვილის ახალი ფილმის „ჰორიზონტი” მსოფლიო პრემიერა. ფილმი ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. იგი საქართველო-შვედეთის კოპროდუქციაა, მთავარ როლებს ია სუხიტაშვილი, გიორგი ბოჭორიშვილი, სოსო გოგიჩაიშვილი, ნანა დათუნაშვილი, ჯანო იზორია და ლიკა ოყროშიძე ასრულებენ.

European Film Promotion-ის გადაწყვეტილებით, ირაკლი კვირიკაძე 10 ყველაზე ნიჭიერ ევროპელ “ამომავალ ვარსკვლავს” შორის მოხვდა. Shooting Stars – ამ ნომინაციაში ქართველი მსახიობი რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები” შესრულებული როლისთვის მოხვდა. კატეგორიის ნომინანტი მსახიობები 4 დღის მანძილზე (16-19 თებერალი, 2018) დაესწრებიან ვორქშოპებს, შეხვდებიან ექსპერტებს, რეჟისორებს, პროდიუსერებს, კასტინგის დირექტორებს, 19 თებერვალს კი Berlinale Palast-ში თითოეულ მათგანს პრესტიჟული ჯილდო – European Shooting Stars Award გადაეცემა.

გერმანული კინოს აკადემიამ “ჩემი ბედნიერი ოჯახი” გერმანული კინოს ჯილდოზე LOLA წარადგინა. ჩვენებები სპეციალური რეტროსპექტივის LOLA at Berlinale ფარგლებში – 18 და 21 თებერვალს დელფის ცნობილ კინოთეატრში გაიმართება, რის შემდეგაც მაყურებელი ფილმის შემქმნელებს შეხვდება. პროექტს LOLA at Berlinale სამი პარტნიორი ერთობლივად ახორციელებს: გერმანული კინოაკადემია, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალი და გერმანული კინოს ფონდი.

სექცია BERLINALE CLASSICS მაყურებელს მსოფლიოში ათწლეულების წინ აღიარებული 7 ფილმის აღდგენილი ვერსიების მსოფლიო პრემიერებს შესთავაზებს. მათ შორის ერთ-ერთი მიხეილ კალატოზიშვილის კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი ფილმი – „მიფრინავენ წეროები” იქნება.

Market Screenings-ის ფარგლებში, რომელიც დისტრიბუტორებისთვის ფილმების ჩვენებას ითვალისწინებს, გაიმართება ზაზა ხალვაშის ახალი ფილმის „ნამე” ჩვენება.

14-22 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის მსვლელობისას, ბერლინში კრიტიკოსთა კვირეული გაიმართება. კვირეულს ანა ურუშაძის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი ფილმის – “საშიში დედა” გერმანული პრემიერა გახსნის.

რატი წითელაძე და ნინო ვარსიმაშვილი მათ პროექტს „ცარიელი სახლი” პარალელურად Talent Project Market-ზე წარადგენენ, სადაც იგი 10 საუკეთესო პროექტს შორის მოხვდა. პროგრამის მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, თავიანთი პროექტები პროდიუსერებსა და გაყიდვების აგენტებს წარუდგინონ და პოტენციური პარტნიორები მოიძიონ.

ქართული მხარე აქტიურად მიიღებს მონაწილეობას ბერლინალეს კოპროდუქციის ბაზრობაზე. Coproduction Market განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სივრცეა პროდიუსერებისთვის.

გარდა ამისა, ეროვნული კინოცენტრის ორგანიზებით, ბერლინის კინიფესტივალის ფარგლებში გაიმართება დამატებითი შეხვედრები შემდეგი ქვეყნების კინოინდუსტრიის წარმომადგენლებთან: შვედეთი, ბელგია, ავსტრია. სამუშაო შეხვედრების მიზანია, ქართველი და უცხოელი პროდიუსერებისა თუ რეჟისორების ხელშეწყობა კოპროდუქციული ნამუშევრების შესაქმნელად, რაც ქართულ კინოინდუსტრიაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას გულისხმობს. პროექტებს უცხოელი კოლეგების წინაშე 10 ქართველი კინოპროფესიონალი წარადგენს.

კოპროდუქციის ბაზრობის ფარგლებში 19 თებერვალს გაიმართება Books at Berlinale. ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის თანამშრომლობის ფარგლებში, Books at Berlinale-სთვის ქართული ლიტერატურული ნაწარმოები პირველად შეირჩა. ბერლინში დაგეგმილ ფიჩინგზე კინოადაპტაციით დაინტერესებული საერთაშორისო კინოპროფესიონალების წინაშე დათო ტურაშვილის რომანი “სხვა ამსტერდამი” წარდგება, რომელიც 12 საუკეთესო ნაწარმოებს შორის მოხვდა.

20 თებერვალს მექლენბურგ-ფორპომერნის ბუნდესლანდის წარმომადგენლობა, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი გამართავენ მნიშვნელოვან მიღებას საქართველოს სახელით. მიღება მიეძღვნება საქართველოს მონაწილეობას 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, მთავარი სტუმრის რანგში.

 

magti 5g