“საქართველო არის დღეს ევროკავშირის ერთადერთი ყველაზე ახლო მოკავშირე და დასაყრდენი რეგიონში და როგორც არასდროს, ჩვენ ისე გვჭირდება მათი მხარდაჭერა,”-ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ სასურველია ევროკავშირი უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში.
დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა გაიმართება
„ჩვენი სურვილია, რომ ევროკავშირი კიდევ უფრო მეტად იყოს ჩართული რეგიონში მიმდინარე პროცესებში, რადგანაც წინა სიტუაციამ, დღემდე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ სასურველია ევროკავშირის მეტი ჩართულობა. ფაქტია, რომ საქართველო არის დღეს ევროკავშირის ერთადერთი ყველაზე ახლო მოკავშირე და დასაყრდენი რეგიონში და როგორც არასდროს, ჩვენ ისე გვჭირდება მათი მხარდაჭერა. ამიტომ სწორედ ეს თემებია, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრებთ: რა თქმა უნდა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, რეგიონი, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი პროექტები, როგორ ფუნქციონირებს ამ ახალ გარემოში. ასევე, „კოვიდთან“ დაკავშირებით, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ სერიოზული გამოწვევები გვაქვს „კოვიდთან“ ბრძოლის კუთხით. იგივე ვაქცინების თემა, რომელიც მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის. აქ ხართ, ევროპაში და ხედავთ, რა სიტუაციაა ევროპაში. ასევე, ეკონომიკური გამოწვევები. ჩვენ ნელ-ნელა უნდა დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა, ეკონომიკის ელემენტები, როგორიც არის ტურიზმი, ასევე შავი ზღვა, როგორც ევროკავშირთან ჩვენი მეტი ფიზიკური ინტეგრაცია და მისი უფრო მეტად გამოყენება. ეს კავშირები, ფიზიკური წვდომა ევროკავშირის საქართველოსთან და პირიქით, როგორ შეიძლება ყველა ამ პროექტების, არსებულის და იმ პროექტების, რომლებიც სტადიაშია, უფრო ეფექტურად გამოყენება. ასე რომ, ძალიან კომპლექსური დღის წესრიგია და ძალიან გვინდა, რომ ყველა ეს პროცესი წავიდეს თანმიმდევრულად, ისე, რომ ქვეყნის შიდა პროცესები არ იყოს წინააღმდეგობაში იმ გამოწვევებთან, რომლებიც ჩვენ გვაქვს.”-განაცხადა დავით ზალკალიანმა.