კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დასრულებულია და მას საქართველო ევროკომისიას ხვალ გადასცემს.
ევროკავშირში გაწევრიანება რომ ქვეყნის სტრატეგიული მიზანია, ამის შესახებ მმართველ გუნდში საუბრობენ. ევროკომისიისგან და შემდეგ უკვე ევროსაბჭოსგან, სახელისუფლებო პარტიას პოზიტიური მოლოდინები აქვს.
პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს, ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილი 2 მაისს გადასცა.
ახლა კი, შევსებული კითხვარის მიღების შემდეგ, ევროკომისია დაიწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.
“დათქმულ ვადაზე ადრე, 10 მაისს, უკვე შეგვეძლება, რომ ევროკავშირს ჩავაბაროთ ქვეყნის სახელით სათანადოდ შევსებული დარგობრივი კითხვარი, – განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.
მინისტრი იმედოვნებს, რომ ევროკავშირი სამივე ქვეყანას – საქართველოს, მოლდოვას და უკრაინას თანაბარ ყურადღებას დაუთმობს.
„მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი სამივე ქვეყანას თანაბარ ყურადღებას დაუთმობს და სამივე ქვეყანას, რომლებიც თანაბრად იმსახურებენ იმ სტატუსს, რომელსაც დღეს ჩვენ ვეძიებთ, მოკლე ვადებში მოგვანიჭებს“, – აღნიშნა წულუკიანმა.