დღეს, ხვალ, ზეგ და კიდევ რამდენიმე კვირა თითოეული ჩვენგანის ერთ-ერთი განსახილველი თემა სულ იქნება პასუხის ძიება კითხვაზე – რას გვეტყვის ევროკომისია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, რა პერსპექტივა აქვს საქართველოს , მოლდოვას და უკრაინას, რას მიანიჭებენ უპირატესობას ჩვენი დასავლელი პარტნიორები გადაწყვეტილების მიღებისას – საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობის სურვილს, სამოქალაქო სექტორის თხოვნას, ოპოზიციის შეხვედრებს და დაფიქსირებას, რომ ჩვენ ვიმსახურებთ ევროპულ ოჯახში ყოფნას თუ ევროკომისიისთვის იმ რეფორმების გატარებაა გადამწყვეტი, რა რეფორმებიც სასამართლო სისტემაში უნდა გატარებულიყო, მედიის თავისუფლება დაცული უნდა ყოფილიყო, პოლიტპატიმრები არ უნდა ჰყოლოდა ქვეყანას და სხვა..
ახლა მთავარი კითხვაა, როგორ, რა კრიტერიუმების მიხედვით მიიღებენ ჩვენი პარტნიორები საბოლოო გადაწყვეტილებას. ბრიუსელში პირველი განცხადებები უკვე გაკეთდა. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, დაინტერესებულ მედიას ურჩევს ევროკომისიას მუშაობა აცალონ:
„ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს და დავაცადოთ კომისიას საკუთარი საქმის კეთება. დასკვნა, სავარაუდოდ ივნისში იქნება“ – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.
სლოვენიის ყოფილ პრემიერი იანეზ იანშა კი ამბობს, რომ , ზოგიერთ ქვეყანას სურს, რომ ასპირანტი ქვეყნების ისევ მოლოდინის რეჟიმში დარჩნენ: გულწრფელად რომ გითხრათ, მე ამის წინააღმდეგი ვარ. ევროკავშირი დაფუძნებულია ღირებულებებზე. ვფიქრობ, რომ ევროპულმა გაერთიანებამ უნდა შეცვალოს კრიტერიუმები, დაუბრუნდეს თავდაპირველ სულისკვეთებას, მშვიდობას და არა ეკონომიკურ გარანტიებს. ეს იქნება ტესტი ევროკავშირისთვის“.- თქვა სლოვენიის ყოფილმა პრემიერმა.
რას აკეთებს “ქართული ოცნება” კანდიდატის სტატუსის მონიჭებამდე
დღეიდან საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ორდღიან ვიზიტს იწყებს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს ევროკომისიაში, სხვადასხვა მიმართულების ევროკომისრებთან, ასევე ევროპარლამენტში.
„საგარეო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის ფარგლებში, ხვალ, 2 ივნისს, ბრიუსელის ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მერიის ისტორიულ შენობაში გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, სადაც დამსწრე საზოგადოებას ასევე მიმართავს საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი”, – წერია განცხადებაში.
მმართველი გუნდის წევრები კი წინასწარ სვამენ კითხვებს, რატომ არ უნდა მიენიჭოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი.
“იმ პირობებში, როდესაც კანდიდატის სტატუსი ევროკავშირს არც დაფინანსების და არც გაწევრიანების კუთხით არავითარ ვალდებულებას არ აკისრებს, გაუგებარია, რატომ უნდა უთხრას მან საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს უარი ამ სტატუსზე, როდესაც ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გამორჩეულია გაწევრიანებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისითაც, – აცხადებს ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
ბოკერია: ბრიუსელში მისაღებ გადაწყვეტილებაზე პროგნოზის გაკეთება რთულია, თუმცა რაც ზუსტად ვიცით, არის ის, რომ ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლისთვის ივანიშვილის რეჟიმის ცვლილებაა საჭირო
ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებას.
ის ხელს ოპოზიციისკენ იშვერს და ამბობს, რომ მათ არ უნდათ, საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი რომ მიიღოს.
“ოცნების” კიდევ ერთ ლიდერს მამუკა მდინარაძეს სჯერა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო და მინისტრი ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. კობახიძის მსგავსად არც მას დავიწყებია ოპოზიციის კრიტიკა და წინასწარ არასასურველი შედეგის გადაბრალება.
” ქართველი ხალხი იმსახურებს, საქართველო იმსახურებს თავის პლიუს-მინუსებით. ოღონდ მინუსები ის კი არ არის, რასაც თქვენ იტყუებით. მინუსები რეალური რაც არის, საერთოდ არ ლაპარაკობთ და კრიტიკა არ მოგვისმენია. კითხვაზე პასუხი უნდა გასცეთ – დღევანდელი მოცემულობით, თავისი პლიუს-მინუსებით, ამ ხელისუფლებით და ამ ოპოზიციით, იმსახურებს თუ არა? თქვენ ამაზე პასუხი რატომ არ გაწყობთ, იცით? …
ჩვენ სიმართლეს ვლაპარაკობთ, თქვენ რას აკეთებთ აქ. ხომ ამბობთ, რომ მტკიცებულებებს ითხოვდით, ევროპულ დერეფნებში რას ვაკეთებთო. აქ რასაც აკეთებთ, ალბათ იმას. იმიტომ, რომ რა გგონიათ, დახურული სივრცეა ეს ჩვენი პარლამენტის დარბაზი, ქართული მედია, ევროპაში ეს ნიუსები არ გადის, რასაც აქ კადრულობთ, თუ როგორ არის საქმე? იქ სხვა რამეს ამბობთ და აქ სხვა რამეს?”, – კითხვით მიმართა მდინარაძემ ოპოზიციას.
რას პასუხობს ოპოზიცია მმართველი გუნდის ბრალდებებს
ოპოზიციის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ პარტნიორებთან შეხვედრებზე ცდილობენ ევროპარლამენტარები დაარწმუნონ, რომ მიუხედავად რეფორმების ჩავარდნისა და მმართველი გუნდის განცხადებებისა, საქართველოს მაინც მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. მათ კითხვები აქვთ ხელისუფლებასთან, რატომ არავინ გამოჩნდა დასავლელი პარტნიორებიდან, ვინც საქართველოში გატარებულ რეფორმებს დადებითად შეაფასებდა.
ჩვენ “ლელო საქართველოსთვის” წევრს, პარლამენტის დეპუტატს ანა ნაცვლიშვილს ვესაუბრეთ, რომელიც აცხადებს, რომ “ქართულმა ოცნებამ“ მთელი ამ ხნის განმავლობაში მის მიერ გატარებული რეფორმების ერთი პოზიტიური შემფასებელიც ვერ მოძებნა.
მისი თქმით, პრობლემა ისაა, რომ ევროპარლამენტში ერთი პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის ის პოლიტიკური ჯგუფი, რომლის წევრიც თავად “ქართული ოცნებაა“, საქართველოზე განსხვავებულ შეფასებას არ აქვეყნებს. ნაცვლიშვილი ჩვენთან საუბარში “ევროპის სახალხო პარტიის” მწვავე წერილსაც ეხმაურება.
მოლოდინებზე ლაპარაკი ნაადრევია. ევროკავშირშიც არ იციან რა მოხდება - საკითხი უკრაინის ფრონტის ხაზზე წყდება: გია ხუხაშვილი
ამის შესახებ განცხადება „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა გააკეთა.
“როდესაც რამდენიმე დღეში საქართველოსთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება უნდა იყოს ცნობილი, ჩნდება კითხვა – “ქართული ოცნება“ არ მუშაობს თუ ვერ მუშაობს, რათა ბრიუსელიდან ვინმემ პოზიტიური განცხადება გაავრცელოს?
სად არის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, რომელიმე ექსპერტული ორგანიზაცია, ვისთანაც “ქართული ოცნება“ მუშაობს იმისთვის, რომ “ქართული ოცნების“ მიერ 10 წლის განმავლობაში გადადგმული ნაბიჯებისა და მიღწევების თაობაზე ევროკავშირში პოზიტიური შეფასებები გაკეთებულიყო.
ადგილი აქვს საზოგადოების მოტყუების მცდელობა, რომ ვინაიდან “ევროპის სახალხო პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ოჯახია, ასეთ კრიტიკულ განცხადებას ამიტომ ავრცელებს. “ქართული ოცნება“ არის ერთ-ერთი მსხვილი და გავლენიანი ევროპული პოლიტიკური ოჯახის “სოციალ-დემოკრატების“ წევრი, რომელიც წარმოდგენილია ევროპარლამენტში. გასცეს “ქართულმა ოცნებამ“ პასუხი კითხვაზე, არ მუშაობენ საკუთარ პოლიტიკურ პარტიასთან, რათა მათ გამოაქვეყნონ განცხადება, სადაც ხელისუფლების საქმიანობა დადებითად იქნება შეფასებული, ვერ მუშაობენ, ნდობა არა აქვთ თუ რაშია საქმე?!“, – ამბობს პარლამენტის დეპუტატი.
რა პასუხი იქნება ევროკომისიისგან ყველაზე რეალური საქართველოსთვის
ამ თემაზე ჩვენ პოლიტოლოგს და “სამოქალაქო ინიციატივებისა და ინოვაციების ცენტრის” თავმჯდომარეს ხათუნა ლაგაზიძეს ვესაუბრეთ, რომელიც თვლის, რომ შედეგზე პასუხისმგებლობა ყველა პოლიტიკურ ძალაზე გადანაწილდება.
მისი თქმით, ჯერ კიდევ არის დრო იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თუნდაც დეკლარირების დონეზე გამოხატოს მზაობა ცვლილებების, რომლისკენაც ევროკავშირი მოგვიწოდებს.
„ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გადადოს განსხვავებები გვერდზე იმიტომ, რომ დღეს დგას საქართველოსთვის ისტორიული მომენტი. ევროკავშირის ელჩისგან არ უნდა ვისმენდეთ და სირცხვილია, თუ როგორ უმასპინძლდებიან ერთმანეთს საქართველოს პოლიტიკური ძალები. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირი გაფართოებული ყურადღებით გვისმენს. ამ გზაზე არა მარტო სასამართლო რეფორმები, საკონსტიტუციო ცვლილებებია მნიშვნელოვანი, არამედ, სწორედ ერთიანობა.
დღეს არის მნიშვნელოვანი დასავლეთმა დაინახოს, რომ საქართველოს მთელი პოლიტიკური სპექტრი შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომელიც წაეყენება ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყანას. დღეს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა გამოიჩინოს მაღალი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უნდა გააცნობიეროს, რომ დღეს საქართველოსთვის ისტორიული შანსის წინაშე ვდგავართ, სხვაგვარად ყველა იქნება პასუხისმგებელი იმ შედეგზე, რომელსაც საქართველო მიიღებს”, – ამბობს ლაგაზიძე.
მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის ელჩის სიტყვებს, სადაც ის ამბობს ფრაზას:
“ძნელად მახსენდება ასეთი მოკლე ფრაზით გამოხატული და შეფასებული საქართველოს დღევანდელი რეალობა. დღეს ევროკავშირს სჭირდება დახმარება იმისთვის, რომ დაგვეხმაროს საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში. დღეებსა და კვირებში საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა გადადგას ის ნაბიჯები, რომელიც ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მონიჭებას გაუადვილებს“, – თქვა პოლიტოლოგმა.
რაც შეეხება განაცხადზე პასუხს, როგორც ბრიუსელში ჩვენი პარტნიორები ამბობენ, ევროკომისიის დასკვნა უახლოეს კვირებში გახდება ცნობილი.