საქართველო ხუან გუაიდოს ვენესუელის დროებით პრეზიდენტად აღიარებს და მხარს უჭერს ვენესუელის მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე „ტვიტერის“ გვერდზე წერს.
„გამოვთქვამთ იმედს, რომ ვენესუელას ასამბლეა გარდამავალ მთავრობას შექმნის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის მოემზადება და ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს. საქართველო მხარს უჭერს ვენესუელის მამაც ხალხს დემოკრატიისთვის ბრძოლის საქმეში“, – წერს მამუკა ბახტაძე.
🇬🇪 recognizes @jguaido as Interim President of #Venezuela. We express hope that @AsambleaVE will establish a transitional government, prepare free & fair elections & ensure peaceful transition of power. 🇬🇪 supports the courageous people of Venezuela in their fight for democracy.
— Mamuka Bakhtadze (@BakhtadzeMamuka) January 24, 2019
ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის დროებით პრეზიდენტად აღიარების შესახებ განცხადება საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა დავით ზალკალიანმა გააკეთა. მან ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა.
მოგვიანებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო უწყებემაც. სამინისტრო იმედოვნებს, რომ ვენესუელის “ლეგიტიმური ხელისუფლება მტკიცედ დაუჭერს მხარს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პატივისცემის თაობაზე”.
ვენესუელაში ნიკოლას მადუროს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომის მოთხოვნით მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ, რომელიც ოპოზიციის აქციის ორგანიზატორია, 23 იანვარს თავი მოქმედ პრეზიდენტად გამოაცხადა.
პირველი ქვეყანა, რომელმაც ხუან გუაიდოს, როგორც გარდამავალ პერიოდში პრეზიდენტის, ლეგიტიმაცია ცნო, ამერიკის შეერთებული შტატები იყო. ამის შემდეგ ოპოზიციის ლიდერი დროებით პრეზიდენტად აღიარეს კანადამ, ლათინური ამერიკის ქვეყნებმა, მხარდამჭერი განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა.