„2026 წლის 16 აპრილს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროსთან აკრედიტებულ მუდმივ წარმომადგენლებთან, რომლებიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებიან“, – ამის შესახებ ინფორმაციას საგრეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, მინისტრმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების, ქვეყანაში მიმდინარე და განხორციელებული რეფორმების, ასევე, ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში მიმდინარე პროცესებს. მხარეებმა განიხილეს გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები და საქართველოს ჩართულობა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევაში, გლობალური გამოწვევების დაძლევის მიმართულებით. ვიზიტის ფარგლებში გაეროსთან აკრედიტებულმა მუდმივმა წარმომადგენლებმა მოინახულეს საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთთან და ეწვივნენ დევნილთა დასახლებას წეროვანში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
