საქართველოსა და კორეას შორის პირდაპირი ავიარეისების დანიშვნა კორეიდან ტურისტების რაოდენობას მნიშვნელოვნად გაზრდის, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მინისტრი კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
„კორეა საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზნობრივი ტურისტული მიმართულებაა. ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ ამ ქვეყნიდან ტურისტების შემოყვანას და მათთვის ახალი ტურისტული პროდუქტების შეთავაზებას. 2018 წელს საქართველოში 13,000 – ზე მეტი კორეელი ტურისტი შემოვიდა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 112 პროცენტით მეტია, ხოლო უკვე 2019 წლის იანვარში ზრდამ 27 პროცენტი შეადგინა,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.
გიორგი ქობულიამ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრისას, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ კორეაში იზრდება ინტერესი საქართველოს, როგორც ახალი ტურისტული მიმართულების მიმართ. ამ მიზნით, 2019 წელს თბილისსა და სეულს შორის 7 ჩარტერული პირდაპირი რეისი განხორციელდება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინიცირებით, შეხვედრაზე საქართველოსა და კორეას შორის პირდაპირი რეგულარული ავიარეისების შესრულების საკითხები განიხილეს.
„კარგია, როდესაც ქვეყნებს შორის ჩარტერული რეისები სრულდება, მაგრამ რეგულარული რეისების ამოქმედება არა მხოლოდ გაზრდის კორეელი ტურისტების რიცხვს საქართველოში, არამედ ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის საქმიან წრეებს სამომავლო თანამშრომლობაში. გარდა ამისა, პირდაპირი ავიარეისების განხორციელება კიდევ უფრო აამაღლებს საქართველოს ცნობადობას მსოფლიოს ამ ნაწილში და დაგვეხმარება ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერებაში,“ – განაცხადა გიორგი ქობულიამ.