მიმდინარე წლის 4-5 დეკემბერს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით,ლონდონის წამყვან საგამოფენო ღონისძიებაზე FOCUS პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდი იქნება წარმოდგენილი.
„აწარმოე საქართველოში“ ინფორმაციით, აღნიშნული გამოფენა კინოინდუსტრიის დარგში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რომელსაც ყოველწლიურად 60 ქვეყნის კინოინდუსტრიაში მომუშავე სპეციალისტი ესწრება. მათივე ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპის კინოგადაღების მოედნის პოპულარიზაციის მიზნით, ლონდონის საერთაშორისო ღონისძიებაზე წარდგენილი იქნება კინოინდუსტრიის ხელშეწყობის პროგრამის საინფორმაციო სტენდი, სადაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალება ექნება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია ქვეყანაში კინოინდუსტრიის მიმართულებით არსებული ვითარების და ე.წ „cashrebate“ მექანიზმის შესახებ.
ამასთანავე, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ სტენდის ქვეშ წარმოდგენილია ქართული საპროდიუსერო კომპანიები, კერძოდ: Sarke Studio, Metro Productions, Geo Film Productions, Vineyard Films და Silk Factory Studio დაინტერესებულ პირებს გააცნობენ საკუთარ სერვისებსა თუ შესაძლებლობებს. აღსანიშნავია, რომ გამოფენის პირველ დღეს პროგრამის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს კინოინდუსტრიის ისეთ წამყვან წარმომადგენლებთან, როგორიცაა BBC.
შეგახსენებთ, კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.
2018 წლის ნოემბრის თვის მონაცემებით, პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში შემოსულია 18 განაცხადი, საიდანაც გადაღებები უკვე დასრულდა 9 ფილმზე, დამატებით 9 ფილმზე კი გადაღებები ამჟამად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტების განხორციელების შედეგად საქართველოში ჯამურად 36.5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება, გადაღებებისას კი დასაქმებულთა რაოდენობა 4 000-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.