ჟურნალში VOYAGE გამოქვეყნდა ცნობილი ბულგარელი პროდიუსერის და საზოგადოებასთან ურთიერთობის ექსპერტის ვლადინა ცეკოვას სტატია სახელწოდებით „საქართველო – სიყვარულის მიწა“. ინფორმაციას ბულგარეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვლადინა ცეკოვა გასულ წელს იმყოფებოდა საქართველოში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საელჩოს მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში.
საკუთარ სტატიაში იგი საუბრობს ქართველების სტუმართმოყვარეობაზე, ქვეყნის უნიკალურ ისტორიაზე, ტრადიციებზე, განსხვავებულ ფოლკლორსა და ქართული სამზარეულოს მრავალფეროვნებაზე. გარდა ამისა, სტატიაში ვლადინა ცეკოვა დეტალურად აღწერს ვარძიის მონასტრის მონახულების საკუთარ გამოცდილებებსა და შთაბეჭდილებებს. ასევე, სოფელ უდეში 15 საუკუნის წინ აგებული ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის ისტორიას.
ვლადინა ცეკოვას თქმით, სწორედ ის ფაქტი, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი ტრადიციები და ადათ-წესები დღემდე შეინარჩუნა, საქართველოს უნიკალურობის საწინდარია.