საქართველო თურქეთთან საზღვარს, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ჩაკეტავს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლება შეშფოთებით აკვირდება მოვლენების განვითარებას და ყველა საზღვარზე ახლა კონტროლი გაძლიერებულია.
“სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში თურქეთთან ჩვენ საზღვარს ჩავკეტავთ. ჯერ–ჯერობით ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთში, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება არანაირი არეულობა არ შეინიშნება, ვფიქრობ, რომ ჩვენ მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არანაირი რისკები არ არსებობს. ავიაკომპანიებმა შეაჩერეს ფრენები. გვქონდა ზარები ჩვენს თანამოქალაქეებისგან, რომ აიყვანეს თვითმფრინავში და ვერ გამოფრინდა. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურ კონტროლს ვახორციელებთ და გვაქვს ცხელი ხაზები, როგორც სტამბულში, ასევე თბილისში,” – აღნიშნა კვირიკაშვილმა.
პრემიერის თქმით, თურქულ მხარესთან კავშირი შეუძლებელია, რადგან იქ არის სამხედრო მოქმედებები ქალაქებში და ქალქის ცენტრში, ამიტომ ხელისუფლებას აქვს მუდმივი კავშირი დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან.