შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა ვადიმ ჩერნიშმა და რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე პრემიერმა კრისტინა ლესნიკმა ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
მემორანდუმის ითვალისწინებს კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის სფეროში არსებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე, ამ მიმართულებით მხარეებს შორის თანამშრომლობას. დაგეგმილია სამმხრივი უწყებათაშორისი პლატფორმის შექმნა, სტრატეგიული რეგიონალური თანამშრომლობის დაწყება და ორმხრივი მხარდაჭერისათვის გზების განსაზღვრა.
სახელმწიფო მინისტრის თქმით, სამივე ქვეყნითვის აქტუალრია დღემდე გადაუჭრელი კონფლიქტებისა და ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემატიკა. შესაბამისად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით ძალისხმევის გაერთიანება კიდევ უფრო ეფექტურს გახდის საქმიანობას, რომელიც პირველ რიგში ადამიანების უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესებას უკავშირდება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორების მხარდაჭერა გვაქვს. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებს, რომელთაც ყველაზე კარგად ესმით თუ რა პრობლემებთან გვიწევს გამკლავება, რადგან თავადაც ანალოგიურ მდგომარეობაში არიან, ჰქონდეთ ჩვენი მხარდაჭერა, კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გავცვალოთ, ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ, რაც დაგვეხმარება ჩვენი პოლიტიკა უფრო ეფექტური იყოს.
„ჩვენ მშვიდობისათვის, ხალხის კეთილდღეობისათვის ვმუშაობთ, იმ ადამიანებისათვის, რომლებიც გადაუჭრელი კონფლიქტით არიან დაზარალებულნი. ვმუშაობთ ჩვენი ქვეყნების მშვიდობიანად გაერთიანებისა და ჩვენი ხალხების შერიგებისათვის,“ – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.
