საქართველოს ნაკრები მონტენეგროსთან ბოლო წამებზე – 74:76 დამარცხდა.
ეს იყო დაუვიწყარი მატჩი: ბრძოლა ბოლო წამებამდე, ზღვა ემოცია მოედანსა და ტრიბუნებზე, აი ეს არის ნამდვილი სპორტი, რის გამოც ყავს მილიარდობით გულშემატკივარი და მიმდევარი. დიდებულ სანახაობას ერთადერთი და მთავარი დააკლდა: მოგება.
საქართველო ევროსაკვალიფიკაციო ჯგუფში უმთავრეს კონკურენტ მონტენეგროსთან დამარცხდა. ეს იყო მატჩი, რომლის ბედიც ერთმა ბურთმა გადაწყვიტა. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველომ მეტოქეზე ორჯერ მეტი – 16 ბურთი დაკარგა და ფარქვეშიდან რამდენიმე იოლად ჩასაგდები ბურთი ააცილა, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა გუნდმა კარგად ითამაშა.
ეს აღნიშნა ნამატჩევს ქართველების მთავარმა მწვრთნელმაც, რომ მისმა გუნდმა დაცვაში კარგად ითამაშა, მაგრამ თამაშის ბედი დეტალებმა გადაწყვიტა. ამასთან, კარგი დაცვა უძლურია ისე შორიდან ჩაგდებული სამქულიანების წინააღმდეგ, რომლებიც მონტენეგროელებმა მიითვალეს. მთლიანობაში ექსიუგოსლავიელებმა 13 სამიანი ჩააგდეს, რომლებიც 8 მოთამაშეზე გადანაწილდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნაკრებმა წააგო სწორედ შორი სროლების გამო. 13 სამქულიანიდან 4-5 ისეთი იყო, რომელთა წინააღმდეგ დაცვა უძლურია: კალათბურთელი პერიმეტრის ხაზიდან 2-4 მეტრით იწევს ცენტრისკენ და ისე ესვრის. სწორედ ასეთი ბურთები ჩააგდეს ჩვენმა სტუმრებმა დ საბოლოოდ 2 ქულით, საფინალო სირენამდე 3 წამით ადრე ჩაგდებული ბურთით მოგვიგეს.
ამ ბურთის სამართლიანად ჩაგდების საკითხიც სათუოა. როცა ანგარიში თანაბარი იყო და თამაშის დასრულებამდე 25 წამი რჩებოდა, მონტენეგროელები შეტევაზე წამოვიდნენ და საშუალო დისტანციიდან ამერიკელმა უკანახაზელმა ააცილა. ბურთი ვუჩევიჩმა მოხსნა, მაგრამ ისე, რომ თორნიკე შენგელია იდაყვით მოიცილა. ვუჩევიჩმაც ააცილა, მაგრამ საბოლოოდ დურიშიჩი დაეუფლა და მისმა ორქულიანმა ანგარიში 76:74 გახადა.
მონტენეგროელები ჩვენს ფარზე 3-ჯერ ზედიზედ ბურთს ვერ მოხსნიდნენ, მოედნიდან პერსონალურების ლიმიტის გამო ზაზა ფაჩულია და გიორგი შერმადინი რომ არ ყოფილიყვნენ გაგდებულნი. მსაჯებმა ეს მოთამაშეები თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე ერთმანეთის მიყოლებულ შეტევებში გააგდეს. ზაზა ფაჩულიამ საქართველოს ნაკრებში ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და 22 ქულით მატჩის ბომბარდირი გახდა. მისმა ორქულიანს მოყოლილმა საჯარიმომ შეხვედრის დასრულებამდე 2:28 წუთით ადრე საქართველო 70:68 დააწინაურა. ამის შემდეგ ფაჩულია მალევე გავარდა და მონტენეგროელებმა ზედიზედ 2 სამქულიანი ჩაგვიგდეს – 74:70 დასრულებამდე 1 წუთით ადრე.
მიუხედავად ამისა, ქართველებმა მოახერხეს და თორნიკე შენგელიასა და მაიკლ დიქსონის ორქულიანებით ანგარიში გაათანაბრეს, რის შემდეგაც ზემოთ ნახსენები მონტენეგროელთა შეტევა დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა დარჩენილი 3 წამი წუთშესვენებაზე დაგეგმა და მაიკლ დიქსონის სამქულიანი მონტენეგროელთა კალათში არ ჩაეშვა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას ალბანეთში – 10 სექტემბერს გამართავს.
ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო. F ჯგუფი. თბილისი 7 სექტემბერი
საქართველო 74:76 მონტენეგრო
25:19, 17:21, 12:22, 20:14
ილიას ზუროსი:
– პირველ რიგში განსაკუთრებული და დიდი მადლობა გუშემატკივრებს! ისინი ბოლომდე ჩვენს გვერდით იყვნენ. რაც შეეხება თამაშს, მე არ ვარ კმაყოფილი შედეგით, თუმცა ამაყი ვარ ჩემი მოთამაშეებით. მათ ბოლომდე დადეს თავი და იბრძოლეს ბოლო წუთამდე. ჩვენ ეს თამაში დეტალებში წავაგეთ. კონცენტრაცია დავკარგეთ და ბევრი შეცდომა დავუშვით, განსაკუთრებით თავდასხმაში. ჩვენ წავაგეთ ეს ბრძოლა, თუმცა არ წაგვიგია ომი. ჩემი მთავარი პრინციპია ცხოვრებაში, რომ არასოდეს არაფერს დავნებდე. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ.