LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველომ პირველი ტესტი ვერ ჩააბარა: თბილისში საკურა აყვავდა

19

საქართველომ იაპონიასთან ძალიან დასანანი თამაში წააგო 22:28 და ისტორიული შანსი ხელიდან გაუშვა.
გამარჯვების შემთხვევაში “ბორჯღალოსნები” მსოფლიო რეიტინგში ფიჯის ნაკრებს ჩააჩოჩებდნენ და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, ათეულში შევიდოდნენ. საამისო შესაძლებლობა ნამდვილად იყო და სულაც არ იქნებოდა გასაკვირი და ალოგიკური, რომ ქართველებს სანუკვარი მიზნისთვის მიეღწიათ. ბრძოლისუნარიანობა და შემართება, რომ ჩვენს ბიჭებს არ ეშლებათ, ამას თქმაც არ უნდა და ბუნებრივია ეს ასე იყო ამ შეხვედრაშიც. საერთო ჯამში უპირატესობაც ჩვენ მხარეს იყო და მეორე ტაიმის ერთი ცუდი მონაკვეთის გამო წაგება მართლაც რომ ძალზე გულდასაწყვეტია.
სამწვრთნელო შტაბი ალბათ დაწვრილებით გაარჩევს შეხვედრას და იმედია ეს დასკვნები და ახალი შემართება საკმარისი იქნება სამოასთან მომდევნო შაბათის თამაშში.

ბუნებრივია, როდესაც თამაშს აგებ, იქ არ შეიძლება შეცდომები არ ყოფილიყო. ხარვეზები შეინიშნებოდა, დავუშვით ელემენტარული შეცდომებიც, თუმცა ახლა ეს საქმე მაინც მწვრთნელებს და თავად ბიჭებს მივანდოთ და ვისურვოთ, რომ ნოემბრის ტესტები საჩვენოდ გაგრძელდება.

თამაშს ჩვენი გუნდი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით შეხვდა.
შერკინების პირველ ხაზში ივნისის ტესტების გამოტოვების შემდეგ ბურჯები – მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა დაბრუნდნენ, ხოლო კვაჭი, ტრადიციულად, ჯაბა ბრეგვაძე იყო.
ივნისში არ უთამაშია და ახლა შერკინების მეორე ხაზში გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდა კონსტანტინე მიქაუტაძე. მესამე ხაზში ვიტო კოლელიშვილი და მამუკა გორგოძე დაბრუნდნენ, ხოლო შერკინების შემკვრელად ბექა ბიწაძე დადგა.
ხაზში წყნარი ოკეანის ტურნეს შემდეგ აქ გუნდს 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე დაუბრუნდა, რომელიც ივნისში “უმცროს ბორჯღალოსნებთან” ერთად ინგლისში, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა. მგეზავი ლაშა ხმალაძე იყო, შუაში მერაბ შარიქაძისა და დავით კაჭარავას წყვილი დადგა, ფლანგებზე კი გიორგი აფციაური და თამაზ მჭედლიძე, ხოლო ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილი იყო.

პირველი ტაიმი ჩვენებმა მშვენივრად ითამაშეს და ლამის მთელი ტაიმი შეტევაში გაატარეს. სალელოოდ არაერთი შანსიც გვქონდა, რომელთაგან ორი გამოვიყენეთ. კარგია ისიც, რომ სწრაფ იაპონელებს თავისი თამაშის თავზე მოხვევის საშუალება არ მივეცით, თორემ ამას შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი მოეტანა (მეორე ტაიმში ასეც მოხდა). ამის დასტურად სტუმრების პირველი ლელოც გამოგადგება. საკურებმა კონტრშეტევაზე დაგვიდეს ლელო (მიცუშიმა), არადა წესით ანგარიში ჩვენ უნდა გაგვეხსნა. ჩვენები 5-მეტრიანში იყვნენ და ლელომდე ძალიან ცოტა გვაკლდა, თუმცა არ გამოვიდა და სწრაფად გადმოსულმა იაპონელებმა აქეთ მოიპოვეს პირველი ქულები. მართალია, ხელსაყრელი პოზიციიდან გარდასახვა ვერ მოახერხეს, თუმცა მე-17 წუთზე ჯარიმა გაიტანეს (ტამურა) და ანგარიში არასასიამოვნო – 0:8 გახდა.

ამან ქართველები ვერ გატეხა და კვლავ მეტოქის საჯარიმოსთან განაგრძეს ბედის ძიება. ამის მერე უკვე გაგვიმართლდა. 24-ე წუთზე თითქოს ლელო იყო, მაგრამ არ ჩაგვითვალეს. ჩვენებმა ბურთი ისევ დერეფანში გადააგდეს და იქიდან სეირნობით შევიტანეთ: ბურთი კოლელიშვილმა დაამიწა. სამწუხაროდ, კვირიკაშვილმა ვერ გარდასახა და 5:8.

ტაიმის მიწურულს კულმინაცია მოხდა. უეცრად გადმოგდებული ბურთი ლობჟანიძემ ჩაიგდო ხელში და ლელოს დასადებად გაქანდა, თუმცა ბოლო წამს იაპონელმა თითქოსდა განმუხტა სიტუაცია და ბურთი არ დაადებინა. მსაჯმა ვიდეორეფერის მიმართა, საკმაოდ ხანს ითათბირეს და საბოლოოდ საკამათო ლელო ჩათვალეს – კვირიკაშვილის გარდასახვა ზუსტი იყო და შესვენებაზე უკვე წინ გავედით – 12:8.

მეორე ტაიმი პირველის მსგავსად და ცუდად დაიწყო. ჩვენების სახიფათო შეტევა იყო, როდესაც მეტოქემ თავის მისადგომებთან ჩაჭრა და აქეთ დაგვიდო კონტრშეტევაზე ლელო. ლემეკიმ მთელი მოედანი ირბინა. გარდასახვა კი იაპონიამ ისევ ვერ შეძლო – 12:13.

ჩვენდა სასიხარულოდ ჩვენები მალევე გავიდნენ წინ. 50-ე წუთზე ბრძოლაში და ძალაობაში კვლავ ვაჯობეთ მეტოქეს და ბექა ბიწაძემ ჭკვიანურად და მოხერხებულად ზემოდან გადაატარა და დაამიწა – მეკომ ერთხელაც უპრობლემოდ გარდასახა და 19:13.
57-ე წუთზე კვირიკაშვილმა ჯარიმაც გაიტანა და კიდევ უფრო წინ გავედით – 22:13.
რა ახლოს ჩანდა ისტორიული გამარჯვება. იაპონიას უკვე ერთი გარდასახული ლელოც აღარ ყოფნიდა. არადა, მოკლე მონაკვეთში ზედიზედ ორი ლელო მივიღეთ. სწრაფმა და ტემპში მოთამაშე სტუმრებმა ძალიან მალე კიდევ ერთი ლელო დადეს – ისევ მარცხენა ფრთიდან შემოვიდნენ, თავი ისევ ლემეკიმ გამოჩინა. ტამურას ამჯერად გარდასახვა გამოუვიდა – 22:20.
რამდენიმე წუთში ისევ დაგვიდეს ლელო – უკვე საპირისპირო ფრთიდან ფუკუოაკა შეიჭრა – 22:25.
დრო ჯერ საკმარისად იყო, 15 წუთზე მეტი. მაგრამ ძალიან უდროო დროს ანზორ სიჭინავა ყვითელი ბარათით დაისაჯა და ჩვენები 10 წუთით კაცნაკლულები დარჩნენ. 5 წუთით ადრე ჯარიმაც მივიღეთ და 22:28. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ გარდასახვიანი ლელო გვჭირდებოდა. ქართველებმა ბოლო ძალები მოიკრიბეს და მიაწვნენ კიდეც, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო და თამაშიც საკურების გამარჯვებით დასრულდა.

ბორჯღალოსნები იაპონიას ურთიერთშეხვედრების ისტორიაში მეხუთედ ეპაექრნენ. აქამდე ბალანსი 3-1-ზე იყო მეტოქის სასარგებლოდ და ახლა 4-1 გახდა.
ეროვნული ნაკრებების დონეზე, საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების გზები პირველად 2006 წელს გადაიკვეთა. ბორჯღალოსნები კუნძულებზე შესუსტებული შემადგენლობით გაემგზავრნენ და იაპონიის „ა“ ნაკრებთან პირველი ტაიმის 15:0 მოგების შემდეგ, საბოლოოდ 15:16 დამარცხდნენ, ხოლო პირველმა გუნდმა 32:7 მოგვიგო.
2012 წელს აზიელები თბილისში გვეწვივნენ და მესხზე ბოლო წუთზე გატანილი არეკნის ხარჯზე 25:22 მოიგეს. რევანში 2014 წელს შედგა, როდესაც იმავე მესხზე ბორჯღალოსნებმა მეტოქე ლამაზ სტილში, 35:24 დასცეს. 2015 წელს, მსოფლიო თასის წინ გასახურებელი მატჩისას აზიელებმა გლოსტერში 13:10 იმარჯვეს.

იაპონიამ დღემდე ჩატარებულ ყველა მსოფლიო თასზე მიიღო მონაწილეობა, ბოლო დროს კი, იაპონურ რაგბში დიდძალი ფული ჩაიდო, შეიქმნა ძლიერი იაპონური ლიგა, სადაც მრავლად თამაშობენ სახელგანთქმული ზელანდიელი, აფრიკელი და ავსტრალიელი მორაგბეები.
„საკურები“ 1969 წლიდან აზიის რაგბის ჩემპიონატში თამაშობენ, რომელიც ამჟამად აზიის ხუთი ერის სახელითაა ცნობილი და 23-ჯერ გახდნენ ჩემპიონები, ხოლო სხვა ხუთ შემთხვევაში მეორე ადგილი დაიკავეს. 2006 წლიდან გუნდი წყნარი ოკეანის თასის გათამაშებაში ჩაერთო და ორჯერ – 2011 და 2014 წლებში ტურნირის გამარჯვებული გახდა.

შარშან ედი ჯოუნზის გაწვრთნილმა გუნდმა სამხრეთ აფრიკის შემდეგ სამოა 26:5, ხოლო აშშ 28:18 დაამარცხა, თავად შოტლანდიასთან 10:45 დამარცხდა და გახდა პირველი გუნდი, რომელმაც მიუხედავად სამი გამარჯვებისა, მსოფლიო თასის ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახა. მიუხედავად ამისა, 2019 წლის მსოფლიო თასის მასპინძელმა თამაშის უფლება სპორტული კუთხითაც მოიპოვა.

ნოემბრიდან იაპონიის ნაკრებს ჯეიმი ჯოზეფი წვრთნის და ევროპაში, კერძოდ საქართველოში გამომგზავრებამდე, ერთი ტესტ-მატჩი უკვე ჩაატარა. საკურებმა ტოკიოში არგენტინას უმასპინძლეს და 20:54 დამარცხდნენ. ბორჯღალოსნებთან მატჩის შემდეგ, ისინი ევროპულ ტურნეს განაგრძობენ და 19 ნოემბერს უელსს ეწვევიან, ხოლო 26-ში საფრანგეთში ფიჯის შეხვდებიან.

ბიჭებს მორიგი გულიანი და ჯიგრიანი თამაშისთვის მადლობა ვუთხრათ და შაბათს სამოასთან გამარჯვებისთვის მოვემზადოთ.

საქართველო-იაპონია 22:28
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. გიორგი აფციაური, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. მამუკა გორგოძე, 7. ვიქტორ კოლელიშვილი, 8. ბექა ბიწაძე
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ანზორ სიჭინავა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები