საინვესტიციო ჯგუფმა ”ბიჯეო” (Investment Group BGEO) 350 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის ევროობლიგაციები განათავსა. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, ეს საქართველოდან კერძო კომპანიის მიერ განხორციელებული პირველი, ყველაზე გრძელვადიანი ევროობლიგაციების განთავსებაა. მოზიდული ფინანსური რესურსის ინვესტირებას ”ბიჯეო” ქართული კომპანიების განვითარებაში მოახდენს.
”მოხარული ვარ, რომ ჯგუფი აქტიურად განაგრძობს ინვესტირების მოზიდვას და 2004 წლიდან დღემდე ჯამში 8 მილიარდ ლარზე მეტი უცხოური საინვესტიციო კაპიტალი გვაქვს მოზიდული. მოზიდული ფინანსური რესურსის ინვესტირებას ქართულ კომპანიებში ვახორციელებთ. საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია ქართული კომპანიების გაფართოება, განვითარება, მართვის დასავლური სტანდარტების შესაბამისად და სამომავლოდ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრებზე, მათ შორის, ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასვლა. ჩვენი გუნდის მრავალწლიანი გამოცდილება, პროფესიონალიზმი და მართვის დასავლური სტანდარტი გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში კიდევ უფო მეტი ინვესტიციის მოზიდვას შევძლებთ”, – განაცხადა საინვესტიციო ჯგუფ ”ბიჯეოს” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა.
”ბიჯეოს” მიერ განთავსებული ევროობლიგაციები 7 წლიანია, 2023 წლამდე ვადით და 6% წლიური საპროცენტო განაკვეთით. ჯგუფისთვის ეს რიგით მესამე ევროობლიგაციების განთავსებაა. 2007 წელს ჯგუფმა 200 მილიონი აშშ დოლარის, ხოლო 2012 წელს 400 მილიონი აშშ დოლარის ევროობლიგაციები განათავსა. ევროობლიგაციების განთავსების პროცესს BofA Merrill Lynch-მა და J.P Morgan-მა უხელმძღვანელა, გალტ ენდ ტაგარტთან ერთად, რომელიც განთავსების ხელმძღვანელი იყო. გამოშვებულ ობლიგაციებს Fitch-მა და Moody’s-მა BB და B1 საკრედიტო რეიტინგი მიანიჭეს. ობლიგაციები ირლანდიის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება.
”ბიჯეო” ქართული საინვესტიციო ჯგუფია, რომელიც 2004 წლიდან დღემდე ჯამში 8 მილიარდ ლარზე მეტი უცხოური საინვესტიციო კაპიტალი მოიზიდა. მოზიდული კაპიტალის ინვესტირებას ”ბიჯეო” სამშენებლო, ჯანდაცვის, საინვესტიციო, სადაზღვევო, საბანკო, ჰიდრო და სხვა წარმატებულ ქართულ ბიზნესში ახორციელებს. ”ბიჯეოს” საერთაშორისო საინვესტიციო ფონდეო ფლობენ. ჯგუფის 94% აქციონერები არიანმსოფლიოში წარმატებული ფინანსური ინსტიტურები: Shroders Investment Management, Harding Loevner, Westwood International Advisors, Artemis Investment Management და სხვა. ჰოლდინგის სამეთვალყუეო საბჭო მსოფლიოს წამყვან კომპანიებში მნიშვნელოვანი გამოცდილების მქონე, დამოუკიდებელი დირექტორებისგან შედგება.