LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ქართულ-ყაზახური ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები განიხილეს

114
ბაგ

ქართულ-ყაზახური ეკონომიკური თანამშრომლობა იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებისა და ყაზახეთის დასავლეთ ოლქის სამეწარმეო – ინდუსტრიულ განვითარებაზე პასუხისმგებელი უწყებების ხელმძღვანელი პირების შეხვედრის მთავარი თემა. ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, დელეგაციის ხელმძღვანელმა ოლქის გუბერნატორმა ნარიმან ტურეგალიევმა ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ყაზახეთში ამჟამად არსებული ეკონომიკური მდგომარეობა, ინვესტიციების წამახალისებელი სახელმწიფო პროგრამები და დასავლეთ ყაზახეთის რეგიონის საინვესტიციო შესაძლებლობები.

როგორც ბიზნეს ასოციაციაში აცხადებენ, პრეზენტაციის ფარგლებში განიხილეს რეგიონის სავაჭრო კავშირები, საიმპორტო და საექსპორტო პროდუქცია, ასევე ნავთობპროდუქციის წარმოება და მისი ექსპორტი.

საუბარი შეეხო სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელ მრეწველობას, ასევე, რეგიონის გამოცდილებას მეცხოველეობისა და მანქანათმშენებლობის მიმართულებით.

ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებს საშუალება ჰქონდათ განეხილათ მათთვის აქტუალური საკითხები, რომელიც უკავშირდება ქართულ-ყაზახურ ეკონომიკურ თანამშრომლობას. ასევე, ყურადღება გამახვილდა მიმართულებებზე, სადაც შესაძლებელია მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივების გამოკვეთა.

„მივესალმებით ყაზახეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობას საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ასეთი სახის კომუნიკაცია მნიშვნელოვანია ახალი შესაძლებლობების აღმოჩენისა  და ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით. შეხვედრაზე გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტივები რამდენიმე მიმართულება, რაც სასიხარულოა და კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნებს შორის ეკონომიკურ და საქმიან ურთიერთობებს“, – განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები