LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა, როდის შეიძლება აისახოს ფასებზე? / “ბიზნესკურიერის” პოდკასტი

54
ეკონომიკური ზრდა

აპრილში საქართველოს ეკონომიკა 2.6%-ით გაიზარდა. 2022 წლის პირველ 4 თვეში ეკონომიკური ზრდა 10.8% იყო.

2022 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ხელოვნება, გართობა და დასვენება, სამთომოპოვებითი მრეწველობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, დამამუშავებელი მრეწველობის, პროფესიული, სამეცნიერო, ტექნიკური საქმიანობებისა და ვაჭრობის დარგებში.

ამავდროულად მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2022 წლის ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი გამოაქვეყნა და ის 5.5.%-მდე გაზარდა.

საკითხს „ბიზნესკურიერში“ სტუმრად გიორგი კეპულაძესთან დავით კეშელავა – ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის უფრო მკვლევარი განიხილავს.

 

 

– საქსტატის პრესრელიზში აღნიშნულია დარგები, რომელიც პრიორიტეტულია და რომელსაც კარგი ზრდა აქვთ. როგორი პროგნოზი გაქვთ?

ტრანზიტისა და ტრანსპორტის კუთხით საქართველოს როლის გააქტიურებასთან ერთად, ალბათ დასაწყობების მიმართულებაშიც უნდა ველოდოთ მასშტაბურ ზრდას, ვიდრე აქამდე იყო.

– ამ მოსაზრებას აბსოლუტურად ვეთანხმები, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე მნიშვნელოვნად იზრდება სატრანსპორტო სატრანზიტო დერეფნები და შესაბამისად საქართველოს როლიც უფრო და უფრო უნდა გაიზარდოს მომავალში.

მნიშვნელოვანი იქნება ტრანზიტისთვის სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება, იმისთვის, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ზრდის პოტენციალი.

რაც შეეხება ტურიზმს, ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რასაც ყურადღება უნდა მივაქციოთ.

რუსეთიდან დიდი რაოდენობით შემოვიდნენ ადამიანები და ამ ეტაპზე რთულია, განვმარტოთ, ვინაა ეს ხალხი. ნაწილი, რა თქმა უნდა, ტურისტები იქნებიან, თუმცა რაღაც ნაწილი შეიძლება უფრო დიდხანს გაჩერდნენ ქვეყანაში, ვიდრე ამას როგორც წესი ტურისტები აკეთებენ.

რეალურად ისინი იქნებიან ტურისტები, თუ რაღაც პერიოდი იცხოვრებენ საქართველოში, საბოლოო ჯამში ქმნიან დამატებით მოთხოვნას, რაც ცხადია დადებითად მოქმედებს ტურიზმის სექტორზე და ზოგადად ქვეყნის ეკონომიკაზე.

ამიტომ ამ ორი დარგის მნიშვნელობა სავარაუდოდ, იქნება მაღალი.

– უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან ცვალებადია პროგნოზები. თებერვალში და მარტში გაკეთებული, მგონი ვერც ერთი პროგნოზი ვერ გამართლდა. მათ შორის ავტორიტეტული ინსტიტუტების.

რამდენად მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ჩვენი ეკონომიკისთვის ის მოვლენები, რაც ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს.
ცვალებადი გარემო რამდენად აჩენს სტაბილურობის განცდას იგივე ინვესტიციებისთვის და ჩნდება თუ არა, მოლოდინები, რომ ჩვენი ეკონომიკა, კიდევ უფრო გაიზრდება?

– ეს ალბათ ყველაზე რთული პერიოდია იმ ადამიანებისთვის, ვინც ეკონომიკურ პროგნოზს აკეთებს. გაურკვევლობაა ძალიან დიდი. სანამ ომი იქნებოდა, წლის დასაწყისში ეკონომიკური აღდგენის პროცესს ველოდით, რადგან კოვიდის შემდგომ პერიოდს ველოდებოდით და მაღალი ეკონომიკური ზრდის მოლოდინი გვქონდა.

როგორც კი ომი დაიწყო, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტები უფრო კონსერვატიულები გახდნენ, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ისეთი დიდი დანაკარგები ამ ეტაპზე არ არის, როგორც თავიდან ველოდით. ამიტომ აქაც უკვე მოხდა გადახედვა პროგნოზის.
მომავალში შესაძლებელია, რომ ეს პროგნოზი ბევრჯერ შეიცვალოს.

ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, პროგნოზთან დაკავშირებით რაც მხედველობაში უნდა მივიღოთ, ეს ეხება პირველ რიგში ბიუჯეტს. ის არის 6 %-ზე დაგეგმილი და ხშირად მიდის მსჯელობა იმაზე, რომ ეს მაჩვენებელი უნდა გადაიხედოს, რადგან ეს პროგნოზები ბევრჯერ შეიცვალა.

ამ ეტაპზე ჯერჯერობით სწორი აღმოჩნდა, გადაწყვეტილება, რომ არ შეცვალეს  ზრდის პროგნოზი, მაგრამ მომავალში რამდენად რეალისტური იქნება ზრდის ეს მაჩვენებელი, ცოტა არ იყოს რთული სათქმელია. ჯერჯერობით არსებული პროგნოზები ემთხვევა იმ ზრდას, რაზეც ბიუჯეტია დაგეგმილი. მაგრამ კორექტირება საჭირო შეიძლება მაინც გახდეს საჭირო. რაც უფრო გვიან დავიწყებთ კორექტირებას, მით უფრო რთულად გასაკეთებელი იქნება.

ზოგადად ბიზნესისთვის, მუდმივი ცვალებადობა და ბევრი მიმართულების დაგეგმვა ინვესტიციებზეც ნეგატიურად მოქმედებს.

რეგიონში შექმნილი სიტუაცია რამდენიმე გამოწვევას ქმნის.
პირველი გამოწვევა ჩემი აზრით, უკავშირდება სავაჭრო ბალანსს და ექსპორტს.

საკითხავია,  რამდენად შეძლებს ექსპორტზე ორიენტირებული ბიზნესი გადაწყობას, რუსეთზე დამოკიდებულება ადრე მაღალი იყო და შესაბამისად ძალიან ბევრ კომპანიებს მოუწევს ალტერნატიული ბაზრების ძიება. ახლა რომ ჩავხედოთ ვაჭრობის სტატისტიკას,  გადართვები სხვა ბაზრებზე უკვე ჩანს, მაგრამ  ეს პროცესი მომავალში რამდენად გაგრძელდება, ძნელი სათქმელია.

მეორე გამოწვევა, რომელიც არამარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს აქვს, არის მაღალი ინფლაცია, რომელიც ძირითადად საგარეო ფაქტორებითაა გამოწვეული და ჩვენ ქვეყნის შიგნით ნაკლები ინსტრუმენტი გვაქვს, რომ ფასების დონის ზრდას მნიშვნელოვნად აღვუდგეთ წინ.

ეს დიდი გამოწვევაა, რადგან ინფლაციას ყოველთვის აქვს სოციალური დანახარჯები და ამ შემთხვევაში ხელფასები უფრო ნელა იზრდება ხოლმე, ვიდრე ფასები, ამიტომ ბევრი ადამიანის მხედველობითი უნარი არის შემცირებული და ინფლაციის გამო ბევრი ადამიანი ზარალდება, განსაკუთრებით ყველაზე ღარიბი და მოწყვლადი ფენა.

რომ ჩავხედოთ ინფლაციის მაჩვენებელს, ნახავთ, რომ ძირითადად საკვების კატეგორიაზე მოდის ინფლაციის დიდი წილი, ეს კი ღარიბი მოსახლეობის სამომხმარებლო კალათაზე აისახება პირველ რიგში.

– ჩვენ ხშირად ვიმეორებთ ხოლმე, რომ შარშან საბაზო ეფექტის გათვალისწინებით საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა გვქონდა. მაღალმა ინფლაციამ ეს პოზიტიური ეფექტი მთლიანად შეჭამა, რადგან ადამიანები, როდესაც ამას საკუთარ ჯიბეზე გრძნობენ, მათ ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებელი ცოტა გვიან ეწევათ.

– ეკონომიკურ ზრდაზე რომ ვსაუბრობთ, ყოველთვის უნდა აღვნიშნოთ წყარო, რაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელია.

საქართველოს მაგალითს რომ დავაკვირდეთ, ზრდა შედარებით ინკლუზიურია და მოსახლეობის რაღაც ნაწილზე ნაკლებად ტოვებს ხოლმე ასახვას. ეს ჩანს დასაქმების სტატისტიკაშიც და შემოსავლების სტატისტიკაშიც.

ბოლო სტატისტიკას რომ გადავხედოთ, ვნახავთ, რომ ბევრი ადამიანია დასაქმებული, სადაც ზრდა თითქმის არ არის.

– ეს ჩვენი ეკონომიკის სტრუქტურის სამწუხარო რეალობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები