„საქართველოს ეკონომიკა ჯერჯერობით სიმტკიცეს ავლენს უკრაინაში რუსეთის შეჭრით გამოწვეული ეკონომიკური შოკის მიმართ“, – ამის შესახებ საუბარია მსოფლიო ბანკის ახალ ანგარიშში, რომელშიც წარმოდგენილია, როგორც გლობალური და რეგიონული, ისე ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები.
„საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წლისთვის 5.5 პროცენტამდე გაიზარდა, მარტში ნავარაუდევი 2.5 პროცენტიდან. ამ სიმტკიცეს განაპირობებს მომსახურების სექტორის, კერძოდ ტურიზმის გააქტიურება, სადაც მიმდინარე წელს, მაისის ჩათვლით, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. პროგნოზების მიხედვით, 2023 და 2024 წლებში ადგილი ექნება ეკონომიკის უწყვეტ აღდგენას 5-5.5 პროცენტიანი ზრდის მაჩვენებლით “, – აღნიშნულია მსოფლიო ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.