ენერგეტიკული ბირჟის სრულად ამოქმედება 2 წლით გადავადდა – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ.
კერძოდ, საუბარია, საათობრივ ვაჭრობაზე, ასევე, მისი, როგორც საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედებაზე, რაც ცვლილებების მიხედვით, ნაცვლად 2025 წლისა, 2027 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ საქართველოში ელექტროენერგიის ენერგეტიკული ბირჟა 2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა, თუმცა ნაწილობრივ. კერძოდ, ამ ეტაპზე ვაჭრობა დღით ადრე და დღიური მოდელით არის შესაძლებელი. რაც შეეხება საათობრივ ვაჭრობას, მისი, ისევე როგორც საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების პერიოდი 2025 წლის პირველ ივლისამდე იყო გადავადებული.
შეგახსენებთ, ბირჟაზე ვაჭრობაში ჩართვა ნებაყოფლობითია და შეუძლიათ გენერაციის ობიექტების მფლობელებსა და ელექტროენერგიის მომხმარებლებს. თუმცა „მომხმარებლებში“ მოსახლეობა და მცირე ბიზნესი არ არის გათვალისწინებული, საუბარია მხოლოდ ენერგეტიკულ ბირჟაზე წარმოდგენილ საშუალო და მსხვილ ბიზნესებზე.
ენერგეტიკულ ბირჟას ამ ეტაპზე ბაზრის 24 მონაწილე ჰყავს. აქედან ელექტროენერგიით ვაჭრობას 18 შპს და 6 სააქციო საზოგადოება ახორციელებს. ყველა მათგანი დღით ადრე და დღიური ვაჭრობის მოდელში არიან ჩართულები.