საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა, ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის გუნდთან ერთად, სინგაპურის ფინანსური ტექნოლოგიების ფესტივალში მონაწილეობს.
სინგაპურის ფინტექ ფესტივალი ყოველწლიურად იმართება და მსოფლიოში ყველაზე დიდი ფინტექ გამოფენაა. ის ფინანსური ტექნოლოგიების სფეროთი დაინტერესებულ მხარეებს – ინვესტორებს, ანტრეპრენიორებს, ექსპერტებსა და რეგულატორებს – ერთმანეთთან საქმიანი ურთიერთობების დამყარების, ხედვებისა და გამოცდილების გაცვლის საშუალებას აძლევს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოფიციალური დელეგაცია ამ ფესტივალზე წელს პირველადაა წარმოდგენილი გზავნილით – ფინანსური ტექნოლოგიები და შუა დერეფნის განვითარების იმპულსი.
საქართველოს ეროვნულ ბანკს ღონისძიებაზე საკუთარი საგამოფენო სივრცე აქვს.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია ნათია თურნავასა და ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ვარლამ ებანოიძის სამუშაო შეხვედრები (პანელური დისკუსიები, რეგულაციების მასტერკლასი და ინვესტორებთან დიალოგი).
სინგაპურის ფინტექ ფესტივალი უმსხვილეს საკონფერენციო და საგამოფენო სივრცეში Singapore EXPO-ში მიმდინარეობს და წელს მას მსოფლიოს 140 ქვეყნიდან 60 ათასამდე მონაწილე ესწრება.