საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძლობის აღსანშნავად, „ბაკურიანი 2025“-ის თემაზე ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
5 ლარის ნომინალის საკოლექციო დანიშნულების მონეტის დიზაინის ესკიზი „ბაკურიანი 2025“-ის საორგანიზაციო კომიტეტთან თანამშრომლობით მომზადდა. მონეტა პოლონეთის ზარაფხანაში 5000-იანი ტირაჟით მოიჭრა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-10_11-31-52_462187-1024x514.jpg)
მონეტის ავერსზე, დათოვლილი მთის ფონზე, გამოსახულია მოთხილამურე და ნომინალის დასახელება „5 ლარი“ (ფერადი დეტალები). კიდეზე რკალისებურად დატანილია მოვლენის აღმნიშვნელი წარწერები „ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი“ და „ბაკურიანი 2025“, რომელიც ერთმანეთისგან ფიფქებითაა გამოყოფილი.
მონეტის რევერსზე კი გამოსახულია ფესტივალის ლოგო (ფერადი დეტალი) დათოვლილი მთის ფონზე და წარწერა „საქართველო“, „Georgia”.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-10_11-26-58_230013-1024x536.jpg)
მონეტების რეალიზაციის დაწყების ზუსტი თარიღი და პირობები ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფულის მუზეუმის პლატფორმაზე გამოქვეყნდება.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ფარგლებში, საკოლექციო დანიშნულების ვერცხლის მონეტები ევროპის ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს სპიროს კაპრალოსს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, 2010 წელს ოლიმპიურ თამაშებზე ტრაგიკულად გარდაცვლილი სპორტსმენის ნოდარ ქუმარიტაშვილის მამას და ტრამპლინიდან ხტომაში ვეტერანი სპორტსმენის კობა წაქაძის შვილს გადასცა.
![](https://cdn.fortuna.ge/app/uploads/2025/02/2025-02-10_11-23-43_730145-1024x590.jpg)