„საქართველოს ფოსტა“ წელს „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ მეექვსედ ჩაატარებს.
ფოსტის ინფორმაციით, წლევანდელი საკონკურსო თემააა – „დაწერე წერილი შენი გმირის შესახებ“. კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში. ასევე, თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობის შენარჩუნება.
„წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს“ საფუძველი „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ტოკიოს კონგრესზე ჩაეყარა და 1971 წლიდან სისტემატურად იმართება. მასში მონაწილეობას იღებს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ 192 წევრი ქვეყანა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 15 წლამდე ასაკის მოზარდებს.
„ნამუშევარში აუცილებელია წერილის ფორმის დაცვა შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: წერილი უნდას იწყებოდეს მისალმებით; მითითებული უნდა იყოს როგორც გამგზავნის, ასევე მიმღების (ადრესატის) მონაცემები; წერილის ბოლოს დატანილი უნდა იქნას გამგზავნის ხელმოწერა და თარიღი; წერილის შინაარსი სრულად უნდა პასუხობდეს კონკურსის თემატიკას; კონკურსში მონაწილეობამდე ნამუშევარი არ უნდა იყოს გამოყენებული, გამოქვეყნებული ან ტირაჟირებული; სიტყვათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 1 000 ერთეულს წერილი შესაძლოა შესრულებული იყოს ქართულ, არაბულ, ინგლისურ, ფრანგულ, პორტუგალიურ, რუსულ ან ესპანურ ენაზე. ნაშრომის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 მარტი, 18:00 საათი“, – აცხადებენ „საქართველოს ფოსტაში“.
საკონკურსო წესები და პირობები მსურველებს დეტალურად შეუძლიათ იხილონ ბმულზე: gpost.ge, ხოლო დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიწერონ: [email protected]–ს.
ჟიური შეარჩევს საუკეთესო სამეულს, რომლებიც დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით, მათგან საუკეთესო ნამუშევარი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. ყველა მონაწილეს გადაეცემა სიგელი და სამახსოვრო საჩუქარი. გავხადოთ ურთიერთობა ხელშესახები.