საქართველოს ფოსტა საქართველოს უმსხვილესი ეროვნული საფოსტო ოპერატორია, რომელიც გამოირჩევა როგორც მომსახურების დიდი არჩევანით, ასევე სერვისცენტრების ყველაზე ფართო ქსელით (ის ქვეყნის მასშტაბით 80 სერვისცენტრით არის წარმოდგენილი). საქართველოს ფოსტის ისტორია უკვე ორ საუკუნეს ითვლის და სწორედ ამ ფაქტის აღსანიშნავად კომპანიამ თბილისის ციფრულ სივრცეში სპეციალური ინსტალაცია – „საფოსტო მომსახურების ორსაუკუნოვანი ისტორია“ წარადგინა.
ლევან ჩიკვაიძე, საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი:
– მოგეხსენებათ, თბილისში პირველი საფოსტო დაწესებულება 1805 წელს გაიხსნა. მას შემდეგ საქართველოს ფოსტა საქართველოს მოქალაქეებისთვის ყოველდღიურად ბევრს შრომობს, ბევრ სიახლეს ნერგავს. მეტიც, საფოსტო დარგის განვითარებასთან იყო დაკავშირებული ქვეყანაში ბიზნესის განვითარება, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობდა გზის სამშენებლო სამუშაოები და კიდევ ბევრი სხვა სიკეთე უკავშირდება ფოსტას. ეს მონაცემები – საფოსტო საქმიანობის ამსახველი ისტორიული წერილები და უნიკალური ფოტომასალა, ფოსტის ფონდში დაცული საკოლექციო მარკები ჩვენმა თანამშრომლებმა, ეროვნული არქივის თანამშრომლების დახმარებით, ციფრულ ფორმატში გადაიტანეს და სწორედ ეს მასალა, ვიდეორგოლის სახით, წარმოვადგინეთ ციფრულ მუზეუმში. ამ სივრცეში, ოთხ კედელზე, ვიდეოს ჩვენება აღმოჩნდა ძალიან ეფექტური, სტუმრები აღფრთოვანებულნი დარჩნენ.
– რადგანაც ციფრულ ფორმატებზე ვსაუბრობთ, აქვე ვიკითხავ, რამდენად ადვილად აუღო ალღო საქართველოს ფოსტის ციფრულ სერვისებს მომხმარებელმა?
– უპირველესად აღვნიშნოთ, რომ ქართველ მომხმარებელს ციფრულ სერვისებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით მიუწვდება ხელი, რისი ფუფუნებაც ცენტრალური ევროპის ზოგიერთ ქვეყანას არ აქვს, მეტიც, ზოგიერთგან ან ინტერნეტზე წვდომის პრობლემაა ან საფოსტო ოპერატორს არ გააჩნია ელექტრონული ხელსაწყოების გამოყენების რესურსი. ქართველმა მომხმარებელმა არათუ კარგად აუღო ალღო ელექტრონულ სერვისებს, ქვეყანაში ელექტრონული კომერციის განვითარებას შეუწყო ხელი, ელექტრონული სერვისების წყალობით საქართველოს მოქალაქე უფრო მეტად მსყიდველუნარიანი გახდა, განსაკუთრებით ბოლო ორის წლის განმავლობაში.
– ბატონო ლევან, მსოფლიო საფოსტო კავშირის (Universal Postal Union) წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი, „საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მხარდაჭერით, მიმდინარე წელსაც ჩატარდება, თან ჩატარდება მეთორმეტედ, შესაბამისად, მოდით შევავლოთ თვალი განვლილ გზას და ვისაუბროთ აღნიშნული კონკურსის მნიშვნელობაზე.
– წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღეს 1969 წელს, ტოკიოში, მსოფლიო საფოსტო კავშირის კონგრესზე. ჯერ კიდევ მაშინ ჩათვალეს საჭიროდ, რომ 15 წლამდე მოზარდებს არ დავიწყებოდათ წერილის წერის კულტურა. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ხელით წერისას ანალიზის უნარი უფრო უაქტიურდება ადამიანს, სწრაფად ბეჭდვის შემთხვევაში გონება უფრო ირევა.
კონკურსი პირველად 1972 წელს ჩატარდა და მას შემდეგ მასში, ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, მილიონობით მოზარდი მონაწილეობს. ისინი კონკრეტულ თემატიკაზე წერენ წერილებს და შემდეგ თითოეული ქვეყნის სპეციალური ჟიური საუკეთესოებს ავლენს.
საქართველოში წერილის წერის კონკურსი პირველად 2014 წელს ჩატარდა. კონკურსში ყოველწლიურად 700-მდე მოზარდი მონაწილეობს, იმდენად დიდია დაინტერესება. თავდაპირველად წერილები ელექტრონულად იგზავნება, ხუთი დღის ვადაში კი მათ ხელნაწერ ვერსიებს ვიღებთ. პირველ ეტაპზე საუკეთესო 50-60 წერილი ვლინდება, ბოლოს კი, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებით დაკომპლექტებული ჟიური საუკეთესო სამ ნამუშევარს არჩევს. ამას ემატება ეკონომიკისა და მდგრადი სამინისტროს რჩეული და ფოსტის განვითარების კავშირის რჩეული. ეს ხუთეული განსაკუთრებული პრიზებით ჯილდოვდება, პირველ ადგილზე გასული კი საერთაშორისო კონკურსში ერთვება, რომელიც ფოსტის საერთაშორისო დღეს – 9 ოქტომბერს შვეიცარიაში, ქალაქ ბერნში, მსოფლიო საფოსტო კავშირის ცენტრალურ ოფისში ტარდება.
2025 წლის საკონკურსო თემა გახლავთ „წარმოიდგინე, რომ ხარ ოკეანე. მისწერე წერილი ადამიანს, თუ რატომ და როგორ უნდა იზრუნოს შენზე“ (Imagine you are the ocean. Write a letter to someone explaining why and how the should take good care of you).
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 9-15 წლის მოზარდებს. მოთხოვნები, რომელსაც ნამუშევარი უნდა აკმაყოფილებდეს, შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს ფოსტის ვებგვერდზე. საკონკურსო ნამუშევრების ელექტრონულ ფოსტაზე ([email protected]) და საფოსტო სერვისცენტრში მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 4 აპრილი.