LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს გამთლიანება გარდაუვალია – გიორგი მარგველაშვილი

56

დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ძალიან მძიმე თარიღს, რომელმაც უმძიმესი კვალი დატოვა ჩვენს საზოგადოებასა და ჩვენი ქვეყნის პერსპექტივაზე, – ამის შესახებ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტის სასახლეში რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 10 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველოს გამთლიანება გარდაუვალია და ამის გარანტი არის საზოგადოება, რომელიც ხელს არასოდეს მოაწერს ქვეყნის გახლეჩას.

“მე მინდა დავიწყო იმის ხაზგასმით, რომ 10 წლის წინ მომხდარი ომი არ იყო ქართულ-რუსული დაპირისპირების დასაწყისი. საქართველოს დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდან საბჭოთა კავშირის არქიტექტორების მიერ ჩადებული ნაღმები, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ კონფლიქტები უნდა აფეთქებულიყო დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიებზე, 90-იანი წლების დასაწყისში რუსების მიერ საქართველოს წინააღმდეგ ამოქმედდა. მაშინ არ იყო საუბარი არც ნატოზე, არც ევროკავშირზე. ეს იყო საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები.

10 წლის წინ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული პროცესი არ დასრულებულა. მოსკოვის ლოგიკა, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ საქართველომ არ და ვერ უნდა გადაწყვიტოს თავისი ბედი დამოუკიდებლად, არ შეცვლილა. თუმცა აგრეთვე არ შეცვლილა ქართველი ხალხის ნება, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, რომ თავად არის თავისი ბედის და მომავლის განმგებელი, – განაცხადა მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა იმ წარმატებაზეც ისაუბრა, რასაც საქართველომ აგვისტოს ომის შემდეგ, 10 წლის განმავლობაში მიაღწია. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა დიპლომატების, ჟურნალისტებისა და შეიარაღებული ძალების როლს რუსეთისა და რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლაში.

“მითი, თითქოს რუსეთის გარეშე საქართველო ვერ შეძლებს ფეხზე დადგომას, ბევრი თვალსაზრისით დანგრეულია. დღეს შეგვიძლია ვისაუბროთ იმ წარმატებებზე, რომელიც ბევრი მიმართულებით გაგვაჩნია.
პირველი – რუსეთის უძლეველობის მითი დანგრეულია საერთაშორისო არენაზე. რუსეთის მცდელობამ ოკუპირებული რეგიონები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოაცხადოს, სრული კრახი განიცადა.
მეორე – ჩვენი საზოგადოებრივი აზრი არ გატყდა, მიუხედავად იმ პროპაგანდისტული ომისა, რომელიც მუდმივად მიმდინარეობს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჟურნალისტების როლს. ის სამუშაო, რასაც ჟურნალისტები ახორციელებენ, ის ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები, რომლებსაც ისინი სვამენ, ის დღის წესრიგი, რომელსაც ქმნიან და ის სიმართლე, რომელიც გააქვთ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ.

მესამე – ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების სერიოზული წარმატება როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. სულ ახლახან დავბრუნდი ნატოს სამიტიდან, სადაც ამაყად ვიყავით წარმოდგენილი იმიტომ, რომ საქართველოს ჯარისკაცები ქართულ დროშას ძალიან მაღლა სწევენ, იქნება ეს ავღანეთი, მალი, კოსოვო, ერაყი თუ სხვა მისიები. ის, რომ ქართული შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოსთან ამაღლებულია, ესეც ჩვენი წარმატებაა.

ჩვენ ჯერჯერობით ვართ ნაწილობრივ ოკუპირებული ქვეყანა, მაგრამ საქართველოს გამთლიანება გარდაუვალია და ამის გარანტია არის ქართული საზოგადოება, რომელიც ხელს არასოდეს მოაწერს ქვეყნის გახლეჩას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, საკანონმდებლო ხელისუფლების, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები. დამსწრეებს სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, უშიშროების საბჭოს მდივანმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა.

პოპულალურები