LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს “გაზპრომის” ვალი აქვს?

55

“გაზპრომისგან” წელს მისაღები მოცულობის 30% საქართველომ შარშან უკვე მოიხმარა. თუ საქართველო უარს იტყვის ტრანზიტის საფასურის ნატურით მიღებაზე, მოუწევს  რუსულ კომპანიას უკვე ათვისებული გაზის ღირებულება გადაუხადოს.

როგორც დღეს ექსპერტებთან შეხვედრის შემდეგ  ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა,  საქართველოს უკვე მოხმარებული აქვს “გაზპრომისგან” წელს მისაღები  ტრანზიტის საფასურიდან გარკვეული მოცულობა.

”2015 წელსვე დაწყებული გვაქვს 2016 წლის კვოტის გამოყენება და 30% უკვე გახარჯული გვაქვს, ანუ -130 მილიონი კუბური მეტრი. რა თქმა უნდა, მოგვიწევს ამის თანხობრივად ანაზღაურება და დაახლოებით დამატებით დაგვჭირდება დეფიციტის შესავსებად 300-დან 400 მილიონამდე გაზის ყიდვა,” – განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, საქართველო რუსეთს გატარებული გაზის 10%-ის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზე დათანხმდება. საუბარია მხოლოდ ერთწლიან ხელშეკრულებაზე, თუმცა დეტალები ჯერ დაზუსტებული არ არის.

”თუ ჩვენ წამოვიღებთ დამატებით მოცულობებს, ფასი იქნება კიდევ უფრო დაბალი. თუმცა ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში არ განვიხილავთ ამ თემას. საუბარია იმაზე, რომ დეფიციტი – 300-400 კუბური მეტის ბუნებრივი აირი შევავსოთ,” – განაცხადა კალაძემ.

მისივე განმარტებით, ქვეყნის საერთო მოხმარება არის 2 მლრდ 500 ათასი კუბური მეტრი გაზი. ეს მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით 35-38%-ით, ხოლო 2015 წლის მოხმარება 2014 წელთან შედარებით 19%-ითაა გაზრდილია.

”დღეს ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს დაახლოებით 11 მილიონზე მეტი კუბური მეტრი გაზის შემოტანა. უბრალოდ, ფიზიკურად ვერ ვიღებთ დამატებით მოცულობას ”სოკარისგან”. ამიტომ დამატებითი მოცულობის დაბალანსება ხდება რუსეთიდან საქართველოს გავლით სომხეთში მიმავალი ტრანზიტიდან” -აღნიშნა კალაძემ.

მისივე თქმით, არსებობს მეორე გამოსავალიც – საქართველომ გაზის ნაცვლად იყიდოს ელექტროენერგია, ისევ რუსეთიდან ან თურქეთიდან, რისთვისაც დაახლოებით 80 მილიონ დოლარია საჭირო.

”ეს თანხა უნდა გადავიხადოთ ელექტროენერგიაში და გავაჩეროთ თბოსადგურები, თუმცა ეს ტარიფის დაახლოებით 4-თეთრიან  მატებას გამოიწვევს, ამიტომ შეუძლებელია ამის გაკეთება” – აღნიშნა ენერგეტიკის მინისტრმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g