ფისკალური გამჭვირვალობის პრაქტიკის გაუმჯობესების შედეგად, საქართველოს ღია ბიუჯეტის ინდექსი გაუმჯობესდა 34-დან 66 ქულამდე 2006-დან 2015 წლებში. ამჟამად საქართველოს მე-16 ადგილი უჭირავს 102 ქვეყანას შორის. ამის შესახებ ფისკალური გამჭვირვალობის იმ ანგარიშშია ნათქვამი, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი აქვეყნებს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ბოლო ათწლეულის განმავლობაში ფისკალური გამჭვირვალობის გაუმჯობესების კუთხით.
როგორც ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოში ფისკალური ანგარიშები უფრო ყოვლისმომცველი და დროული გახდა. ფისკალური პროგნოზები და ბიუჯეტი გახდა უფრო პერსპექტიული და პოლიტიკაზე ორიენტირებული. მიღწევად არის ჩათვლილი პუბლიკაციები ფისკალური რისკების გამოვლენისა და ანალიზის შესახებ, სადაც დეტალურად აისახება ფისკალური რისკები.
ახალ ანგარიშში საერთაშორისო სავალუტო ფონდი ხარვეზებზეც ამახვილებს ყურადღებას და წერს, რომ ფისკალური გამჭვირვალობის პრაქტიკის მეტად განვითარება უნდა მოხდეს, არსებული ფისკალური ანგარიშები და სტატიტიკა კი, მთავრობის მუშაობას მხოლოდ ფრაგმენტულად ასახავს. ამასთან, არ ხდება კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშების დამოუკიდებელი აუდიტის მიერ შეფასება და ანგარიშები არ არის თანხვედრაში აღიარებულ ფისკალურ წესრიგთან.