დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და ექსპორტის გაზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „Swirl Wine Group“ ორგანიზებით, ღვინის პროფესიონალების 13 კაციანი ჯგუფი საქართველოში იმყოფებოდა.
ბრიტანელი იმპორტიორების და ჟურნალისტებისგან შემდგარი ჯგუფი ქართული ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ქართლსა და კახეთში ეწვია, სადაც სხვადასხვა სტილის ქართული ღვინო დააგემოვნა. თბილისში გამართულ სპეციალურ დეგუსტაციაზე (Walk-around Tasting) კი 10 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოს გაეცნო.
„დიდი ბრიტანეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტი არსებითად გაიზარდა. ქართული ღვინო დღემდე რჩება აღმოჩენად ბრიტანელი მომხმარებლების უმეტესობისთვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველო, როგორც ღვინის უძველესი კულტურის მქონე ქვეყანა, სწრაფად ხდება ცნობადი, სულ უფრო პოპულარული ხდება ქართული ღვინის ტურიზმიც“, – აღნიშნა კომპანიის „Swirl Wine Group“ ხელმძღვანელმა, ღვინის მაგისტრმა სარა ებოტმა.