LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის დაცვის და აღსრულების საერთაშორისო ქსელს უხელმძღვანელებს

103
ირაკლი ლექვინაძე

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო (GCCA), 2026/2027 წლებში, მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელს (ICPEN) უხელმძღვანელებს.

გადაწყვეტილება, რომელსაც ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყნის თანხმობა სჭირდება, ვაშინგტონში, მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს.

„ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს და ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი აღიარებაა. მომხმარებელთა უფლებების დაცვის კანონმდებლობა საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს მიიღო. ამ პერიოდში არაერთმა გადაწყვეტილებამ და სტანდარტმა შეცვალა მოვაჭრეების ქცევა და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა მომხმარებელთა უფლებრივი გარანტიები. საქართველოს კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო აქტიურად არის ჩართული მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის სამუშაო ჯგუფებში. დიდი პატივია ჩვენთვის ამ ორგანიზაციის პრეზიდენტობა და თქვენი მასპინძლობა საქართველოში”, – განაცხადა საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ლექვინაძემ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

მისივე განცხადებით, კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტო მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელის პრეზიდენტობის პერიოდში წევრ ქვეყნებთან ერთად სამ პრიორიტეტულ საკითხზე იმუშავებს:

  • ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება გამოცდილების გაზიარების, გლობალური სტანდარტების შემუშავების და არაკეთილსინდისიერი პრაქტიკის აღმოფხვრის მიზნით.
  • ციფრულ ბაზრებზე მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების გაძლიერება.
  • ახალგაზრდა მომხმარებელთა უფლებების დაცვის უწყებების გაძლიერება უკვე გამოცდილ უწყებებთან თანამშრომლობის გაღრმავებით.

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, პრეზიდენტობის პერიოდში, ხელმძღვანელობას გაუწევს სამუშაო ჯგუფების საქმიანობას, დღის წესრიგის შესაბამისად გაწერილი განსახილველი საკითხების შემუშავების პროცესს, მომხმარებლის უფლებების დაცვის გლობალური სტანდარტების განმტკიცება/გაუმჯობესებას და წევრი ქვეყნების მონაწილეობით საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს.

მომხმარებლის დაცვისა და აღსრულების საერთაშორისო ქსელი მთელი მსოფლიოდან 90-მდე ქვეყანას აერთიანებს, რომელთაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით შესაბამისი უწყებები გააჩნიათ.

magti 5g