პროფესიულ სასწავლებელ ,,მერმისში“ გიორგი გახარიამ და ალექსანდრე ჯეჯელავამ სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია გახსნეს.
აღნიშნული ლაბორატორია ერთ-ერთია იმ ფაბლაბებიდან, რომლებიც ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელშეწყობითა და განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებით, საქართველოში არსებულ 14-მდე სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში გაიხსნა.
პროფესიული სასწავლებლების ბაზაზე შექმნილიფაბლაბები ოფიციალურად ამოქმედდა როგორც თბილისში, ისე რეგიონებში (წალენჯიხა, მესტია, გურჯაანი, ახალციხე, ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ფოთი, რუსთავი, ამბროლაური). აღნიშნული ლაბორატორიები გახდნენ საქართველოს ფაბლაბების ქსელის წევრები.
„პირველ რიგში, მინდა განათლების სამინისტროს მადლობა გადავუხადო ძალზე სერიოზული და მნიშვნელოვანი თანამშრომლობისთვის. დღეის მდგომარეობით, ჩვენი ძირითადი ამოცანაგახლავთ იმ დისბალანსის შევსება, რომელიც პროფესიულ და შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდების ნაწილში გაგვაჩნია. სწორედ ამიტომ, ამ ერთ-ერთ საინტერესო, პროფესიული განათლების კოლეჯში დღეს ფაბლაბი შეიქმნა და დღესვე იხსნება ასევე 14 ფაბლაბი არამარტო თბილისში , არამედ რეგიონებშიც“ – განუცხადა მედიის წარმომადგენლებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
გიორგი გახარიას შეფასებით, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიების გახსნის ძირითადი მიზანი არის ის, რომ ახალგაზრდებს მიეცეს საშუალება შეძლონ საკუთარი იდეების კონკრეტულ პროდუქტებში დაკონვერტირება, რომლებსაც შემდეგ გარკვეული კომერციული პერსპექტივა გააჩნიათ.
„როგორც იცით, 4 პუნქტიანი გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილი გახლავთ განათლება და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, იმ დისბალანსის შევსება მოთხოვნა-მიწოდების ნაწილში, რომელშიც ჩვენ დღეს შრომის ბაზარზე გაგვაჩნია. ამ დისბალანსის შევსება მხოლოდ მსგავსი ფაბლაბების და პროფესიულ განათლებაში სტრუქტურული ცვლილების შეტანის საშუალებით იქნება შესაძლებელი“ – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია არის უნიკალური სივრცე, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, პროგრამირებადი დანადგარებით, როგორიც არის ლაზერული მჭრელი, 3D პრინტერი, CNC პროგრამირებადი ჩარხი და სხვა. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას. ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება.
ფაბლაბების მიზანია მსოფლიოს შესთავაზოს ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მშენებლობის თავისი უნიკალური მოდელი. მისი განვითარება მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ახალი სტარტაპბიზნესების ჩამოსაყალიბებლად და სამუშაო ადგილების შესაქმნელად.
საერთო ჯამში პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებს საშუალება მიეცემათ სასწავლებელში მიღებული ცოდნის დახმარებით შექმნან პრაქტიკული ნამუშევრები და პროდუქტები, რომლის შემდგომ კომერციალიზაციასაც მოახდენენ.
აღნიშნული 14 სამრეწველო ინოვაციური ლაბორატორიის გახსნის შემდგომ საქართველოში საერთო ჯამში 22 ამ ტიპის ლაბორატორია ფუნქციონირებს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საქართველომ მსოფლიო ფაბლაბების რეიტინგში, ლაბორატორიების რაოდენობის მიხედვით მე-10 ადგილზე გადაინაცვლოს.