LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მედიატორის როლის შესრულების პოტენციალი არ გააჩნია… შეიძლება ფასილიტატორის როლი ითამაშოს ხანდახან: კახა გოგოლაშვილი

131
კახა გოგოლაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომ „საქართველო მზად არის, კავკასიის რეგიონში საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია შეასრულოს“, „რონდელის ფონდის“ უფროსი მკვლევარი და ანალიტიკოსი კახა გოგოლაშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ გამოეხმაურა.

საქართველო მზად არის, კავკასიის რეგიონში საკუთარი სამშვიდობო ფუნქცია შეასრულოს – ღარიბაშვილი ერდოღანს შეხვდა

კახა გოგოლაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის გადაწყვეტაში, საქართველოს, როგორც მედიატორად ჩართვა ვერ მოხერხდება, რადგან საქართველოს ამის პოტენციალი არ გააჩნია. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ საქართველო ფასილიტატორის როლის შესრულებას უფრო შეძლებს.

კახა გოგოლაშვილი სავარაუდოდ, სუს-ის მიერ ფარული ჩანაწერების გავრცელების საკითხსაც ეხმიანება და აცხადებს, რომ დიპლომატების მოსმენას, ევროკავშირში განიხილავენ, როგორც უპატივცემულობას, რაც ჩვენსა და ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობებს „აცივებს“. გოგოლაშვილის თქმით, ევროკავშირში საქართველოს ელჩის ბრიუსელში განმარტებებზე დაბარება უსიამოვნო ფაქტია.

„გაეროს სამიტზე, როგორც ყოველთვის გლობალურ საკითხებზე მსჯელობა ხდება. საქართველოს ელჩი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი ბრიუსელში განმარტებისთვის დაიბარეს, რაც უსიამოვნო ფაქტია, რადგან ნამდვილად ჰქონდა ადგილი ვენის კონვენციის დარღვევას და დიპლომატებზე მიყურადებას. 

უსმენდნენ სხვა პირებს, რომლებიც ესაუბრებოდნენ დიპლომატებს და აღმოჩნდა, რომ ირიბად დიპლომატებსაც უსმენდნენ. მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში დიპლომატების მიყურადება არ შეიძლება, თუ საქმე არ ეხება საერთაშორისო ტერორიზმს, რაღაც ასეთ საფრთხეს, რის გამოც დიპლომატებს აფრთხილებენ, თუ მიყურადება ხდება ხოლმე.

ფარულ მოსმენას განიხილავენ, როგორც უპატივცემულობას ევროკავშირის მიმართ. უსიამოვნო ფაქტია, რომელმაც გააცივა ურთიერთობები საქართველოსა და ევროკავშირს შორის.

რაც შეეხება, საქართველოსთვის ერთგვარი რეგიონალური შუამავლის ფუნქციის მინიჭებას, ეს შესაძლოა ერთგვარი სატყუარა იყოს. საქმე იმაშია, რომ თურქეთი ცდილობდა და გვთხოვდა ჩავრთულიყავით „ექვსთა კავშირში“ რიგი მიზეზების გამო. პირველ რიგში იმის გამო, რომ სწორედ რუსეთი არის იქ ყველაზე ძლიერი სახელმწიფო, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, შესაბამისად ჩვენ არ გვინდა ისეთ მრავალმხრივ ურთიერთობებში ჩართვა რუსეთთან, სადაც ევროკავშირი ან დასავლური სტრუქტურები არ იქნება წარმოდგენილი, რათა დააბალანსონ რუსეთის პოლიტიკა ჩვენ მიმართ.

ამ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ თურქეთი ცდილობს ირიბად მაინც „დაიყოლიოს“ საქართველო რაღაც თანამშრომლობაზე მაინც და რამდენადაც ვიცი საქართველოს პრემიერ-მინისტრს სთხოვა სომხეთთან გარკვეული მედიატორობა, ყოველ შემთხვევაში ინფორმაციის გაცვლაში მედიატორობა. სინამდვილეში ამდენი წლის განმავლობაში არასდროს არ ჰქონია არც თურქეთს და არც აზერბაიჯანს არანაირი მოტივაცია იმისთვის, რომ საქართველო ჩაერთოთ სომხეთთან მოლაპარაკებებში. საქართველოს არაერთხელ შეუთავაზებია მათთვის პლატფორმა, მაგრამ არასდროს არ იღებდნენ ეს ქვეყნები.

ვფიქრობ საქართველოს გაუჭირდება მედიატორის როლის შეთავსება, შეიძლება ფასილიტატორის როლი ითამაშოს ხანდახან საქართველო. მაგალითად, თბილისში თუ ჩატარდა მოლაპარაკებები, შესთავაზოს, რადგან საკმაოდ ნეიტრალურია საქართველო ორივე ქვეყნის მიმართ, რაც შეეხება მედიატორობას კონფლიქტის გადაწყვეტაში აქტიურად მონაწილეობას, საქართველოს ეს პოტენციალი არ გააჩნია. 

ასეთი მედიატორი იყო ეუთო, სადაც უფრო დიდი სახელმწიფოები იყვნენ ჩართული, მაგ: აშშ, რუსეთი, საფრანგეთი. ასეთ სახელმწიფოებს შესწევთ უნარი, რომ მედიატორობა გასწიონ ასეთ რთულ საკითხებში“, – განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

magti 5g