LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებები შედის

97

საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საქმეში პრეზიდენტის კომპეტენცია იცვლება. “მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, პრეზიდენტს აღარ ექნება მოქალაქეობის საკითხის განხილვასთან დაკავშირებული რიგი საკითხების რეგულირების კომპეტენცია.

ერთ-ერთი ცვლილებით, საგამონაკლისო წესით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე განცხადებას პრეზიდენტს აღარ წარუდგენს – საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებაზე განცხადება წარედგინება სააგენტოს, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას.

გარდა ამისა, მოქალაქეობის მინიჭების, შეწყვეტის, დაკარგვის წესი, აგრეთვე საქართველოს საპატიო მოქალაქის მინიჭების წესი პრეზიდენტის ბრძანების ნაცვლად, მოქალაქეობის საკითხთა კომისიის დადგენილებით განისაზღვრება.

ასევე, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის საქართველოში ცხოვრების ცენზი შესაძლოა, გაიზარდოს. „მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თანახმად, ჩვეულებრივი წესით მოქალაქეობის მინიჭებისას, ხუთწლიანი ცხოვრების ცენზი 10 წლამდე იზრდება. გამარტივებული წესით მოქალაქეობის მინიჭებისას კი, საქართველოში ორწლიანი ცხოვრების ცენზი, შესაძლოა, ხუთ წლამდე გაიზარდოს.

რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები დგინდება. საუბარია პირებზე, რომელთაც პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით, საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურების ან სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება მიანიჭოს.

ასევე, “მოქალაქეობის შესახებ“ კანონით ის პირობები დგინდება, რა შემთხვევაშიც საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღებისას, საქართველოს მოქალაქეობის შეინარჩუნებს.

„მოქალაქეობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი ინიცირებისთვის მზად არის. პროექტი პარლამენტს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება.

კანონში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოამზადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g