LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს მთავარი აეროპორტი უფრო მეტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს

53
davitashvili

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელებული სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, ქვეყნის მთავარი აეროპორტი უფრო მეტი დიდი ზომის საჰაერო ხომალდის მიღებას შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ეს შესაძლებელი გახდა დამატებითი სამიმოსვლო ბილიკისა და მოსაბრუნებელი მოედნის მშენებლობის შემდეგ, რომლის ოფიციალურ გახსნაში ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მიიღო მონაწილეობა.

მათივე განმარტებით, აეროპორტის ახალ ინფრასტრუქტურა აღიჭურვა თანამედროვე შუქსასიგნალო სისტემით, რომელიც აუცილებელია აეროპორტის და მისი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირებისთვის. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლის გამტარუნარიანობა და უსაფრთხოება. ჯამში, დღეიდან აეროპორტს ექვსი სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი აქვს. სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციამ” და აეროპორტის მმართველმა კომპანიამ „ტავ ჯორჯიამ” უზრუნველყვეს.

როგორც ლევან დავითაშვილი აღნიშნავს, ახალი სამიმოსვლო ბილიკი აეროპორტის ასაფრენ ზოლთან დიდგაბარიტულ, მეტწილად, კარგ თვითმფრინავებს აკავშირებს, რომლებიც ტვირთის გადაზიდვისთვის გამოიყენება. მისი თქმით, ახალი ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ, გაზრდის აეროპორტის გამტარუნარიანობას და დააჩქარებს აფრენების სიხშირეს, მეორე მხრივ კი, გააუმჯობესებს აეროპორტში მიმოსვლას უსაფრთხოების კუთხით.

„ეს განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან ვხედავთ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტვირთების მზარდ ნაკადს. აეროპორტში მზარდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან, რომ კარგო მიმართულება განვითარდეს. ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ მოხდეს კარგო მიმართულების უფრო მეტად განვითარება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კარგო ჰაბის როლი შეასრულოს. ამ კუთხით ახალმა ინფრასტრუქტურამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს”, – განაცხადა დავითაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g