საქართველოში პოლიტიკური ვითარება კვლავ დაძაბულია და თან მკვეთრად პოლარიზებული. ამ მხრივ დიდი პროგრესი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პოლიტიკური გაორება სჭირს და საზოგადოება ორად არის გაყოფილი. სახეზეა საგრძნობი პროტესტი, რამაც მოიცვა საზოგადოების სხვადასხვა ფენა – ახალგაზრდობა, ხელოვანები… ხელისუფლება ამ ყველაფერს უკვე ნაჩვევი რიტორიკით პასუხობს – რუსთაველზე (დედაქალაქის მთავარ გამზირზე) სულ რაღაც 150-200 ადამიანი იკრიბება, ხოლო პროცესები გარედან იმართება. შესაბამისად დათმობას და უკან დახევას არ აპირებს.
ოპოზიცია და კრიტიკულად განწყობილი საზოგადოების ნაწილი ევროპის და აშშ-სგან ზეწოლის იმედად არიან, ხელისუფლება კი „იგერიებს შეტევებს“ და უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში ვითარების დასტაბილურების იმედი აქვს. გარდა ამისა, ცდილობს დასავლეთს აუხსნას, რომ მის მიმართ მიდგომები არ არის სამართლიანი და რომ ადგილი აქვს ორმაგ სტანდარტებს. საქართველოს მთავრობა ურთიერთობების გადატვირთვას და ახალი ფურცლიდან დაწყებას ლამობს.
ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლო დროინდელი უცხოური ვიზიტებიც განსხვავებულად აღიქმება (პრემიერი კობახიძე ალბანეთში პოლიტიკურ სამიტზე, პრეზიდენტი ყაველაშვილი ვატიკანში პაპის ინაუგურაციაზე, საგარეო საქმეთა მინისტრის რამდენიმე გასვლითი შეხვედრა). მმართველი ძალა და მისი მომხრეები დადებით ტენდენციაზე მიუთითებენ, ხოლო ოპონენტები (ძირითადად სოცქსელებში) ქილიკობენ, ეს რა შეხვედრებია და რა გასახარია მაგალითად მაკრონმა 2 წამით თუ რაღაც გადაულაპარაკა კობახიძესო.
ცალკე აჟიოტაჟი გამოიწვია ირაკლი კობახიძის ღია წერილმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და ვიცე-პრეზიდენტის, ჯ.დ. ვენსისადმი. ოპონენტების კომენტარებისას აქაც იყო ირონია. თუმცა უფრო საინტერესოა რას ემსახურებოდა ეს წერილი და როგორ შეიძლება აღქმულიყო.
თავად ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მის მიერ გაგზავნილი ღია წერილი ამერიკულმა მხარემ „უპასუხოდ დატოვა“ და რომ „დუმილიც მნიშვნელოვანი პასუხია“.
და ბოლო მთავარი ამბავი, რომელიც მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას დაემგვანა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს კომენტარი საქართველოზე. თუმცა აქაც ინტერპრეტირებული ხედვა და შეფასებებია და რა გასაკვირია, რომ „ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციამ მარკო რუბიოს განცხადებაში სხვადასხვა გზავნილები ამოიკითხეს.

შემობრუნების მცდელობა თუ შანსიც
„ევრონიუსი“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობის შესახებ სტატიას აქვეყნებს. აღნიშნულია, რომ სამიტზე ირაკლის კობახიძის გამოჩენა მნიშვნელოვანი ცვლილებაა ევროკავშირთან საქართველოს დიპლომატიურ ურთიერთობებში და პოტენციური დათბობის ერთგვარი სიგნალია.
როგორც „ევრონიუსი“ წერს, ირაკლი კობახიძე ჩაერთო ევროპელ ლიდერებთან პირდაპირ დისკუსიებში, მათ შორის ემანუელ მაკრონთან.
„მოკლე, თუმცა თბილი შეხვედრა საქართველოს პრემიერსა და საფრანგეთის პრეზიდენტს შორის სამიტზე მიგვანიშნებს, რომ საქართველო და ევროკავშირი წარსულ უთანხმოებებს უკან იტოვებენ.
კობახიძემ ხაზი გაუსვა ამ მომენტს იმის თქმით, რომ „იყო შეზღუდული კომუნიკაციის პერიოდი (საქართველოსა და ევროკავშირს შორის) და, როგორც ჩანს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სურთ საქართველოსთან კავშირების აღდგენა“, – ნათქვამია სტატიაში.
როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს, საქართველოს პრემიერმა ეს დათბობა ახსნა თავისი ქვეყნის „სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლით ევროპისთვის“ და დასძინა, რომ „ყველას ესმის საქართველოსა და მის ლიდერებთან ურთიერთობის საჭიროება და სწორედ ამიტომ მოდის ამდენი ინიციატივა ევროპელი ლიდერებისგან“.
კობახიძე განმარტავს, რომ ეს პოლიტიკური ევოლუცია სამხრეთ კავკასიაში საქართველოს „საკვანძო პოზიციის“ შედეგია.
უკვე საქართველოში დაბრუნებული პრემიერი კი ჟურნალისტებს ეუბნება:
„მაკრონთან საუბრის დეტალებში ვერ შევალ, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით არის ანალოგიური“.

უსამართლობა, რომელზეც პასუხი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე:
„ალბანეთში გვქონდა გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში, სადაც ჩემი სიტყვის დაახლოებით მესამედი დავუთმე იმას, თუ რამდენად უსამართლოა დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. თავი არ აუწევია, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რადგან არ სიამოვნებდა იმ ფაქტებზე საუბარი, რაც პირდაპირ მეტყველებს უსამართლო დამოკიდებულებაზე საქართველოს მიმართ. როდესაც პირისპირ ვესაუბრებით ადამიანებს და ფაქტებით ვუდასტურებთ უსამართლობას, პასუხი არ არსებობს, არავითარი პასუხი კითხვაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ. ვისმენთ მხოლოდ ზედაპირულ, უარგუმენტო განცხადებებს. რევოლუციას გვიწყობდა საქართველოში „დიფ სთეითი“ ევროპული ბიუროკრატიის ხელით. ვინც რევოლუციას გვიწყობდა, იმას არავითარი ლეგიტიმური უფლება არ აქვს, ჩვენ რაიმე მოგვთხოვოს. ამიტომ კეთილი ინებონ და საკუთარ გულში ჩაიხედონ, საკუთარ უსამართლობას მიხედონ და მერე დაგველაპარაკონ. დაგველაპარაკონ არგუმენტებით, თუ რატომ აწვალეს სამი წელი ქართველი ხალხი, რატომ გვეუბნებოდნენ უარს ჯერ კანდიდატის სტატუსზე და შემდეგ მოლაპარაკების გახსნაზე. ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ „დიფ სთეითი“ ევროპული ბიუროკრატიის ხელით გვეტყოდა უარს კანდიდატის სტატუსზე, რათა შანტაჟისთვის გამოეყენებინათ. მაშინ იყო პირდაპირი მოთხოვნა, რომ საქართველოს გაეხსნა მეორე ფრონტი. რაც გავთვალეთ, ის მოხდა“.

საქართველო საქართველოსთვის თუ უცხოეთისთვის
საქართველოში ბოლო პერიოდში მიღებულია კანონები საპროტესტო აქციების შესამცირებლად (გზის გადაკეტვა ჯარიმდება 5 ათასი ლარით, რაც ქართული საზომით საკმაოდ დიდი თანხაა), არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოური დაფინანსება იზღუდება, რასაც ემატება კიდევ სხვადასხვა ზომები, რაც ავტორიტარულ რეჟიმებს მოგვაგონებს. ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციებმა პოლიციის სისასტიკის და მედიის თავისუფლების შემცირების შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, ხოლო დაპატიმრებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმემ მასშტაბური ყურადღება მიიპყრო.
ამ ყველაფერს პერიოდულად მკაცრი განცხადებები მოჰყვება ხოლმე სხვადასხვა ქვეყნებიდან და უკვე დაწესებულია სანქციებიც გარკვეული პირების მიმართ.
თუმცა „ქართული ოცნება“ ხშირად საუბრობს, რომ საქართველო სუვერენული ქვეყანაა და უცხოეთიდან მითითებებს არ ემორჩილება. ერთ-ერთი ბოლო მაგალითია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება და თბილისის მერის პასუხი:
„არავის საქმე არ არის, საქართველოს ხელისუფლება, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერაა არჩეული, რა კანონებს მიიღებს, არც ევროპის ზოგიერთი წარმომადგენლის და არც თანამდებობის პირების.
რა არის მათი მთავარი მიზანი: საქართველო ვერ დაიმონეს, ვერ გამოიყენეს საკუთარი ინტერესების გასატარებლად, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებით მოხდა. ბევრჯერ გვითქვამს, რომ ჩვენთან „უკრაინიზაცია“ არ მოხდება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და მისი ინტერესები“, – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე კესტუტის ბუდრისის რადიო „თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განცხადებას, რომ “საქართველოსთვის ამ ვითარებიდან გამოსავლის საუკეთესო გზა სამართლიანი არჩევნების ორგანიზებაა”.
საქართველოში ევროპულ ინტერესებს კრიტიკულად უყურებს ექსპერტი რამაზ საყვარელიძე:
„ადრე თუ გვიან მოუწევს ევროპას იმის თქმა, მე რაც შემეძლო, გავაკეთე და დამანებეთ თავი, მაგრამ ახლა ეს ევროპა არის ჩვენი ოპოზიციის დამკვეთი. ამ ევროპას ახლა სჭირდება არა ის, რომ ხელისუფლება შეიცვალოს, რეიტინგები ჩვენზე უკეთესად იციან, რომ ვერ მოვა ის ხელისუფლება, რომელზეც ამბობენ, ცხრა წელიწადი სულ დემოკრატია იყო საქართველოშიო. ამ პირობებში იმათ სჭირდებათ აქ არეულობის სცენა. დაკვეთა არის ის, რომ აქ უნდა იყოს დესტაბილიზაცია. მაკრონმა თქვა გარკვეული ხნის წინ, საქართველოში დაპირისპირება ისეთი მძაფრია, განმეორებითი არჩევნების გარდა, სხვა არაფერი უშველისო. დაპირისპირება თუ არ იქნა, ამ ტიპის განცხადებებს ხომ ვერ გააკეთებენ? ასე რომ, დაპირისპირება სჭირდება ჯერჯერობით ლიბერალური სულისკვეთებით გამსჭვალულ დასავლეთს. გავა დრო და ამინდი გამოსწორდება, როგორც ბუნებრივი კლიმატი, ისე პოლიტიკური კლიმატიც გადავა უკვე სხვა რეჟიმში“, – აღნიშნა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში პოლიტოლოგმა.
მეგობარი თუ მტრული აქტი
ევროპარლამენტმა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მკაცრად დაგმო საქართველოში არსებული ვითარება. აშშ-ში მიღებული MEGOBARI აქტი საქართველოს მთავრობას დემოკრატიულ უკუსვლაში ადანაშაულებს და ძირითადი ფიგურების, მათ შორის ჩრდილოვან მმართველად მიჩნეულ ბიძინა ივანიშვილის და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, კობახიძის მიმართ მიზნობრივ სანქციებს ურჩევს.
კობახიძის წერილი ტრამპისადმი შესაძლოა სტრატეგიული მიმართულებაა ამ საერთაშორისო რეაქციის ფონზე. 13 მაისს გამოქვეყნებულ ღია წერილში მან უკმაყოფილება გამოთქვა აშშ-ის ადმინისტრაციის მხრიდან ჩართულობის ნაკლებობის გამო და არასამთავრობო ორგანიზაციები (USAID და დემოკრატიის ეროვნული ფონდი) საქართველოში ანტისამთავრობო განწყობების გაღვივებაში დაადანაშაულა.
კობახიძემ მოუწოდა ტრამპს, „გადატვირთოს“ აშშ-საქართველოს ურთიერთობები, ხაზი გაუსვა საქართველოს ისტორიულ მხარდაჭერას ერაყსა და ავღანეთში (ამტკიცებს, რომ ამან აშშ-ს 2.5 მილიარდი დოლარი დააზოგინა), ხოლო MEGOBARI-ს აქტი „აბსურდულად“ და „ქართველი ხალხის მიმართ მტრულად განწყობილად“ შეაფასა და მოუწოდა ტრამპს, დაეხმაროს „დიფ სთეითის“ დამარცხებაში, რომელიც, მისი აზრით, გავლენას ახდენს როგორც ამერიკულ, ასევე ქართულ პოლიტიკაზე.
ირაკლი კობახიძე:
„აშშ-ის პრეზიდენტი თუ მოახერხებს „დიფ სთეითის“ შესუსტებას, ეს დადებითად აისახება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე, თუ ვერ შეასუსტებს, დარჩება ის სტატუს კვო, რაც დღეს არის…
გვაქვს ინტერესი, გადაიტვირთოს და ჩამოყალიბდეს სამართლიანი ურთიერთობები საქართველოსა და აშშ-ს შორის, ჩვენი მოლოდინი ეფუძნება ღირებულებით თანხვედრას ტრამპის ადმინისტრაციასთან“.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთხელ გამოხატულა წუხილი იმ ურთიერთობის უკუსვლასთან დაკავშირებით, რაც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის პირობებში ხდებოდა. ჩვენ არაერთხელ გამოგვიხატავს მზაობა და იმედი, რომ ახალი ადმინისტრაციის პირობებში მოხდება თვისებრივად შეცვლა ამ ურთიერთობების და ამ ურთიერთობების საქართველოს და აშშ-ის ეროვნული ინტერესების შესაბამისად წარმართვა“, – ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა გვარამიას განცხადებით, შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობების დალაგება შეძლოს:
„ქვეყანას ეს ხალხი საფრთხეს უქმნის. ეს პრეზიდენტ ტრამპის მიმართ მიწერილი კი არ არის, ეს არის პოზიცია მთელი ცივილიზებული დასავლეთის მიმართ. ეს ხალხი უნდა წავიდეს, უნდა წავიდეს ნებისმიერ ვითარებაში, ნებისმიერი გზით. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი სამშობლო ვერ გადარჩება“.
MEGOBARI აქტს დადებითად ეხმაურებიან ოპოზიციის წარმომადგენლები.
თინა ბოკუჩავა („ნაციონალი მოძრაობის“ თავმჯდომარე):
„MEGOBARI აქტი“ ძალიან მნიშვნელოვანია. ერთის მხრივ, ითვალისწინებს ფართომასშტაბიან აქციებს ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ, ამავდროულად, ძალიან ბევრ წამახალისებელ ნორმას, მაგალითად, უვიზო მიმოსვლას, ინვესტიციების მოზიდვას, დახმარებების გაზრდას, ამიტომ ნორმალური, პროდასავლური ხელისუფლების პირობებში ეს შეგვეძლო ბევრი სიკეთის მისაღებად გამოგვეყენებინა, მაგრამ ივანიშვილის „რუსული რეჟიმის“ პირობებში, ეს ქართველი ხალხის მხარდასაჭერი და ივანიშვილის რეჟიმზე სასანქციო პოლიტიკის გაღრმავების აქტია“.
„MEGOBARI აქტი“ რეალურად ქართველი ხალხის პასუხია ყველა იმ პოლიტიკურ დანაშაულზე, ძალადობასა და რეპრესიებზე, რაც „რუსულმა ოცნებამ“ ბოლო 13 წელიწადში საქართველოში ჩაიდინა!“ – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ვინ, რა და როგორ იგულისხმა მარკო რუბიომ
21 მაისს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე გამოდიოდა, როდესაც მას საქართველოსთან დაკავშირებით ჰკითხეს. მარკო რუბიოს კითხვა „მეგობარი აქტის“ თანაავტორმა, კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა.
უილსონმა ჯერ ისაუბრა „არჩევნების გაყალბებაზე“, იმაზე, რომ საქართველომ აშშ ჩინეთით ჩაანაცვლა, თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციებზე და რუბიოს ჰკითხა:
თქვენი ხელმძღვანელობით, რა გაკეთდება სახელმწიფო დეპარტამენტის დასახმარებლად, რომ ანტიამერიკულ „ქართულ ოცნებას“ საქართველოს ხალხის სახელით დაეკისროს რეალური პასუხისმგებლობა?
მარკო რუბიოს კომენტარი აშშ-ს საელჩომ გაავრცელა:
„შეერთებული შტატების მიზანი არის ჩვენი ეროვნული ინტერესები, ამიტომ, ამით ვიხელმძღვანელებთ და ვიკითხავთ, არის ჩვენი ეროვნული ინტერესი, რომ ანტიამერიკული მთავრობა მართავდეს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს? თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რომ ამ მთავრობას პასუხისმგებლობა დაეკისროს. ამჟამად ეს საკითხი შეფასების პროცესშია და ჩვენ განვიხილავთ გზებს. ახლა კონკრეტული განცხადება არ მაქვს, რის გაკეთებას ვგეგმავთ, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ეს საკითხი განხილვის პროცესშია.
ეს კარგი მაგალითია იმისა, თუ რატომ მივმართავთ ჩვენს რეგიონულ ბიუროებსა და ადგილობრივ წარმომადგენლობას, რომ მივიღოთ რეკომენდაციები იმ ზომებთან დაკავშირებით, რომელზე მთავრობას, ანტიამერიკულ მთავრობას ყველაზე მეტად ექნება რეაგირება”, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
ამ ერთ განცხადებასაც ორ დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალას შორის ცხადია განსხვავებული შეფასებები მოჰყვა: რა იგულისხმა რუბიომ: კონკრეტულად საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება თუ ზოგადად რეგიონი? ვის როგორც სურს და აწყობს, ისე გაიგო.
„რასაც ვხედავთ და რაც მოვისმინეთ, არის ის, რომ ეს არის საკითხი, რომელიც სახელმწიფო მდივნის მიერ არის განხილვის პროცესში, ანუ პოზიციაზე, რომელიც უნდა ჰქონდეს აშშ-ს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ჩვენს რეგიონში. როგორც ჩანს, აშშ-ის ადმინისტრაციას საქართველოსთან მიმართებით ჯერ ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს“, – აღნიშნა „რუსთავი 2“-ის ეთერში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ თარგმანი ზუსტად გაიგეს და „ქართული ოცნების“ განცხადებები მოჩვენებითი სიმშვიდეა. მათივე თქმით, უკვე მკაფიოდ ჩანს, რომ აშშ კავკასიის რეგიონისა და საქართველოს მიტოვებას არ აპირებს და რომ მათი მტრები შესაბამის პასუხს მიიღებენ.
„ძალიან ნათელი განაცხადი მოვისმინეთ სახელმწიფო მდივნისგან, რომელმაც ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ დღეს, ამერიკის ადმინისტრაციას მიაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობა არის ანტიამერიკული რეჟიმი. ეს არის ძალიან საგანგაშო, იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეების დიდმა უმრავლესობამ იციან, რომ აშშ-ს მხარდაჭერა საქართველოსთვის გადამწყვეტი იყო და დღეს, ამ მხარდაჭერას იმიტომ ვკარგავთ, რომ ქვეყანას ანტიამერიკული ხელისუფლება მართავს“, – ამბობს „ძლიერი საქართველოს“ პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი.
მისი თანაპარტიელი, თაზო დათუნაშვილის თქმით, მარკო რუბიოს განცხადება ცალსახა იყო და მასში ორაზროვნება არ იკითხება.
“მარკო რუბიომ თქვა, რომ მსოფლიოს იმ მნიშვნელოვან ნაწილში, სადაც საქართველოა, არადემოკრატიულ ხელისუფლებას როგორ მოექცევიან და საბოლოოდ რა იქნება მათთვის ყველაზე ეფექტური ზეწოლის საშუალება, ამას გადაწყვეტენ ადგილობრივი, რეგიონული ბიუროს და ადგილობრივი წარმომადგენლობის რჩევების მიხედვით. ეს ცალსახა განცხადებაა”.
პარტია “თავისუფლების მოედნის” თავმჯდომარის, ლევან ცუცქირიძის განცხადებით, “ქართულმა ოცნებამ” რუბიოსგან მიიღო შესაბამისი პასუხი, რასაც ზომები მოჰყვება.
“ყველამ, ვინც სრულად მოუსმინა ამ განცხადებას და არა დაჭრილ ფრაგმენტს, ნათელია, რომ შეერთებული შტატების ადმინისტრაციის პოლიტიკა ყალიბდება ობიექტურად. ის ასახავს იმ რეალობას, რაც ქვეყანაში არის. ამ პასუხს მოჰყვება შესაბამისი ზომები”.

რა დევს სასწორზე
საქართველოს დემოკრატია ახლა გზაჯვარედინზე დგას. ქვეყანას აწყდება:
– პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ახლავს ხელისუფლების სადავო ლეგიტიმურობა;
– არეულობის ესკალაცია და სამოქალაქო უფლებების შეზღუდვის ტენდენცია;
– ევროკავშირთან და აშშ-სთან დაძაბული ურთიერთობები, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალს.
შეუძლია თუ არა საქართველოს ამ კრიზისიდან გამოსვლა და დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების გათვალისწინება? თუ იზოლაციისა და ავტორიტარიზმის გზაზე სიარული მოუწევს? ამ კითხვებზე პასუხს დრო გასცემს და ეს კი დამოკიდებული იქნება როგორც შიდა წინააღმდეგობაზე, ასევე საერთაშორისო პოზიციაზე.

ფოტო: carnegieendowment
ევრონიუსი
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
npr
eunews