LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რუსეთში არაფერი ესაქმება

23

საქართველოს ნაკრები არ იცვლება: საქართველოს ნაკრები სტაბილურად გავს თავის თავს – ითამაშებს ერთხელ კარგად, ითამაშებს ხშირად ცუდად, ითამაშებს რიგ ეპიზოდებში, არ იქნება სტაბილური, თანმიმდევრული, ლაღი, თავისუფალი და კიდევ: შექმნის გარკვეულ იმედს და იქვე საპნის ბუშტივით ხეთქავს. და ამას აკეთებს წლებია, ჯერ კიდევ ქინქლაძის ეპოქიდან მოყოლებული და ახლაც, როდესაც ევროპული ცხოვრება და მენტალობა თითქოს უფრო გავიგეთ და ალღო ავუღეთ.

საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან შორია ის რუსეთი, რომელიც თითქოსდა აქვეა. ალბათ ეს ის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რუსეთთან დაახლოება გვინდა. გვინდა, რომ საქართველო რუსეთში ვიხილოთ… 2018 წლის ზაფხულს მსოფლიო ჩემპიონატზე (და არა სხვანაირად). თუმცა ეს ამბავი ალბათ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ აღარ გამოვა.

საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში დაგეგმილი პირველი გამარჯვება ვერ მოიპოვა. არ არის ჩვენი ნაკრებია ჯერ იმ დონეზე, რომ სტაბილურად შეძლოს უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა. არიან გუნდები ვისთანაც ჩვენებს თამაში გამოსდით (უელსი ერთ-ერთი მათგანია). სწორედ ეს გვატყუებს გულშემატკივრებს და იმედით ავივსებით ხოლმე, მერე კი ისევ ყველაფერი თავის ადგილზე დგება.

საქართველომ ისევ განსხვავებული ტაიმები ითამაშა. მართალი პირველი ნახევრის საწყისი მეოთხედი მოლდოვას აქტივშია, მერე უკვე ისეთი თამაში წავიდა, სამ ქულაში ეჭვი თითქოს აღარ უნდა შეგვპარვოდა. აი მეორე ტაიმი კი ჩავარდა. ერთი ხეირიანი შეტევა, დარტყმა, არაფერი აღარ გამოვიდა. ერთადერთი შეიძლება ოქრიაშვილის წაქცევისთვის არდანიშნული პენალტი დავიჩივლოთ, მაგრამ ამაზე გამოკიდება კიდევ ერთი თავის მოტყუება იქნება.

თამაში სტუმართა უპირატესობით დაიწყო. 15 წუთი ბურთი მათ ქონდათ, პრესინგიც მოახერხეს და დაძაბულობაც შექმნეს ჩვენ კართან. სწორედ მაშინ იყო, როდესაც გოლმა სულზე მოგვისწრო. მარცხნიდან ნავალოვსკის ჩაწოდებული მცველებმა ვერ გამოტანეს, საჯარიმოს ხაზთან ბურთი ყაზაიშვილს მიუვიდა, ვაკომ მარჯვენა ფეხზე კარგად გაისწორა და შორეულ კუთხეში ჩასვა – 1:0. მე-16 წუთი იყო.

ამის მერე თამაში ჩვენსკენ გადმოვიდა და საქართველოს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვია. თუმცა შეფარვით მაინც რჩებოდა ის საფრთხე, რომ მოლდოვას შეეძლო კონტრშეტევაზე ან თუნდაც სტანდარტულით ესარგებლა და ამიტომ ჩვენები ვალდებულები იყვნენ უკანა ხაზში მუდმივად ყურადღებით ყოფილიყვნენ.

იმ ერთი გოლის გარდა კი, ქართველებს კიდევ შეეძლოთ გატანა, თუმცა ერთ ძალიან კარგ ეპიზოდში ჯერ ქვილითაიას აუღო მეკარემ, ხოლო დამატებაზე ჭანტურიას არ მიეცა ხეირიანად დარტყმის საშუალება.

მეორე ტაიმი კი მთლიანად ცუდი იყო. მოლდოვა გამოვიდა, ითამაშა, იბრძოლა და თავისიც მიიღო. საქართველომ ამ ყველაფერს ვერაფერი ვერ დაუპირისპირა. გასაკვირიც კია: როგორ უნდა მოგახვიოს მოლდოვამ შენს მოედანზე საკუთარი თამაში თავს. პასუხი ამ კითხვაზე აბა ვის აქვს: უნდა ქონდეს სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთელებს… ჩვენ კი შეგვიძლია ასეთი პასუხი ვთქვათ: ეს ხომ საქართველოს ნაკრებია და მასთან რასაც მოისურვებ ყველაფერი მოსულა…

ფაქტი რჩება ფაქტად: მორიგი იმედგაცრუება, ნაადრევად დასრულებული შესარჩევი ციკლი და ერთხელაც თავის მოტყუება: დარჩენილ მატჩებს მომდევნო ციკლისთვის გამოვიყენებთ. საქმე კი ისაა, რომ მომდევნო შესარჩევი და მომავალი ახლა არავის აინტერესებს, ხვალინდელ დღეზე ხვალინდელმა იზრუნოს, დღევანდელი ვალდებულია დღევანდელ შედეგს გაუფრთხილდეს.

რა ქნეს და როგორ ითამაშეს ჩვენი ჯგუფის სხვა წევრებმა? როდის და ვისთან გვიწევს მომდევნო თამაში? აბა რა მნიშვნელობა აქვს…

აი ის ბიჭები და გუნდი, რომლებიც ვერასდროს ვერ იგებენ:

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კვირკველია, კაშია, ნავალოვსკი, დაუშვილი, გვილია (72, დვალიშვილი), ყაზაიშვილი (80, სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ჭანტურია, ქვილითაია (64, კანკავა).

საქართველო – მოლდოვა 1:1
12 ნოემბერი, 2016. თბილისი. მჩ-ის შესარჩევი მატჩი.გოლები: ყაზაიშვილი, 16. გაცკანი, 78.
გაფრთხილება: დაუშვილი, ოქრიაშვილი, სხირტლაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები