საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ეკონომიკური მიმართულებით მუშაობას გაააქტიურებენ.
როგორც ,,ფორტუნას” საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ განუცხადა, სამინისტროს სურვილია, ის რესურსი, რაც საქართველოს ქვეყნის გარეთ გააჩნია, მათ შორის, მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში, აქტიურად ჩართოს ამ მიმართულებით.
,,ისინი, რა თქმა უნდა, დღესაც აქტიურად მუშაობენ, თუმცა, ჩვენი სურვილია, მათ კიდევ უფრო ორგანიზებულად აწარმოონ ეკონომიკური დიპლომატია. რაც ექსპორტის ხელშეწყობას, ინვესტიციების მოზიდვას, ინოვაციების და ტექნოლოგიების შემოდინების კუთხით უფრო აქტიურ მუშაობას და რაც მთავარია, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს”, – განუცხადა ,,ფორტუნას” ჯანელიძემ.
მისივე თქმით, ამ საქმიანობას საქართველოში სხვადასხვა სექტორული უწყება უკვე ახორციელებს, თუმცა საგარეო უწყების სურვილია, საკუთარი დიპლომატები შესაბამის სააგენტოებს დაეხმარონ ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერებაში.
,,ჩვენ ვაპირებთ, რეგულარული სტრუქტურული დიალოგი გვქონდეს ბიზნესსექტორთან და შესაბამის ინსტიტუტებთან. ასევე ვაპირებთ, ჩვენი საელჩოების შესაძლებლობები გავზარდოთ”, – აღნიშნა ჯანელიძემ.
პრემიერ-მინისტრმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების საქმიანობის ეკონომიკური კომპონენტის გაძლიერება საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად დაასახელა.
