LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საგარეო უწყება გმობს რუსეთის დუმის არჩევნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებას

60
საგარეო საქმეთა სამინისტრო

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის 2021 წლის 19 სექტემბრის არჩევნების ჩატარებასა და 20-მდე საარჩევნო უბნის უკანონოდ გახსნას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება.

განცხადების თანახმად, რუსეთის მხრიდან ეს ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ, მოსკოვის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯადაა მიჩნეული.

როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარებით, რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს და სრულად უგულებელყოფს გაეროს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს.

დუმის არჩევნებში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან 25 000-ზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა

„ის ფაქტი, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსახლეობა რუსეთის სახელმწიფო დუმაში – რუსულ პარტიებთან ერთად – ვორონეჟის, ლენინგრადის, სამარის ოლქებისა და იმიერბაიკალეთის მხარის მაჟორიტარ დეპუტატებს ირჩევს,  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ანექსიის მიმდინარე პროცესზე ნათლად მიუთითებს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებულის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, გაიყვანოს თავისი ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან, ხელი არ შეუშალოს ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას და უკან წაიღოს გადაწყვეტილება ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისაკენ მიმართულ, რუსეთის მორიგ უკანონო ნაბიჯზე.

 

magti 5g