LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ტურისტულ ატრაქციებს კიდევ ერთი – სათავგადასავლო პარკი „ბირთვისის კანიონი“ შეემატება

551
ლანა ბლიაძე

სულ მალე საქართველოს ტურისტული მიმართულებები კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდება – რუკაზე ახალი ტურისტული ატრაქცია გაჩნდება, რომელიც ბუნებით, ისტორიითა და ადრენალინით თავგადასავლების მოყვარული ადამიანების ყურადღებას მიიპყრობს. სათავგადასავლო პარკი „ბირთვისის კანიონი“ იქნება ის ადგილი, რომელიც სტუმრების გულებს დაუვიწყარი გამოცდილებითა და შთამბეჭდავი ხედებით დაიპყრობს.

ლანა ბლიაძე, სათავგადასავლო პარკის „ბირთვისის კანიონი“ პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი:

– ბირთვისის კანიონი ქვემო ქართლში, ალგეთის ხეობაში, თბილისიდან ერთი საათის სავალ მანძილზე მდებარეობს. ის აქამდეც პოპულარული ლოკაცია იყო ქართველი მოლაშქრეებისა და უცხოელი ტურისტებისთვის მისი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე. გამორჩეულია მისი კლდოვან-ფოთლოვანი ლანდშაფტი, აქ არის ჩანჩქერებიც, გვირაბებიც… შეუძლებელია ჩახვიდე ბირთვისში და არ გაგინეიტრალდეს ცუდი ემოციები. ეს არის ადგილი, სადაც მდებარეობს: ბირთვისის კოშკი, რომლის აღებაც თემურ ლენგმა მხოლოდ მერვე მცდელობით მოახერხა; კოშკი შეუპოვარი; დევის ნაპრალი და სხვა. მარკეტოლოგებს ლეგენდების შეთხზვაც კი არ სჭირდებათ, ტურისტების აქ მოსაზიდად.

რაც შეეხება კანიონის ახალ სიცოცხლეს, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე მოეწყო ვიზიტორთა ცენტრი, სადაც დამთვალიერებელს შესაძლებლობა მიეცემა, ადგილზე დაგეგმოს მარშრუტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია (აქვე იქნება კვების ობიექტიც), გადასახედი პლატფორმა, ორი დაკიდებული ხიდი, ექსტრემალური საქანელა (რომელზეც ფანტასტიკური ფოტოები გამოდის), ზიპლაინი და ვია ფერატა – ეს არის კლდოვან რელიეფზე მოწყობილი მარშრუტი, რომელიც ექსტრემალური და აქტიური დასვენების მოყვარულთათვისაა განკუთვნილი.

ბირთვისი ქართველი და უცხოელი ტურისტებისთვის წელიწადის ოთხივე სეზონზე იქნება საინტერესო. კანიონზე სტუმრობისას არ იქნება აუცილებელი ექსტრიმის გამოცდა, შეგიძლიათ უბრალოდ თვალწარმტაცი ხედებით დატკბეთ. აქვე აღვნიშნავ, რომ ტერიტორიაზე არის ისეთი სივრცეებიც, სადაც მოლაშქრეებს კარვების გაშლა შეეძლებათ.

სათავგადასავლო პარკი ზამთრის სეზონზე 10:00 საათიდან 17:00 საათამდე იმუშავებს, გაზაფხულის დადგომისთანავე კი სამუშაო საათები გაიზრდება. ბირთვისის კანიონის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს გვერდებზე სოციალურ ქსელებში, ნებისმიერ თქვენს კითხვას ვუპასუხებთ მყისიერად.

ცხადია, სათავგადასავლო პარკში განსაკუთრებული აქცენტი უსაფრთხოებაზე გვაქვს გაკეთებული. თითოეულ ობიექტზე ისეთი კომპანიები მუშაობდნენ, რომლებსაც აქვთ უდიდესი გამოცდილება, აკმაყოფილებენ მსოფლიო დონის სტანდარტებს. პარკის გახსნის შემდეგ გაასმაგებული იქნება მეთვალყურეობა. გარდა იმისა, რომ სტუმრებს პროფესიონალი ინსტრუქტორები მოემსახურებიან, ყველგან დახვდებათ სათანადო ეკიპირება (მაგალითად, ვია ფერატას და ზიპლაინის შემთხვევაში ჩაფხუტია საჭირო). ეს ატრაქციები გათვლილია არა მხოლოდ ზრდასრულ ადამიანებზე, არამედ ბავშვებზეც, შესაბამისად, შეგიძლიათ ჩამობრძანდეთ ოჯახებით და იყოთ მშვიდად, ჩვენ ამაზე ნამდვილად ვიზრუნეთ.

– ლანა, რადგანაც ფიზიკურად პირველად სტუმრობ „ბიზნესნიუსს“, ვისარგებელებ შემთხვევით და ჩვენი საუბრის დასკვნით ნაწილში პირადად შენთან და შენს საქმიანობასთან დაკავშირებულ კითხვებსაც დაგისვამ, რადგან სათავგადასავლო პარკი არ არის ის ერთადერთი საქმე, რომელსაც ემსახურები. პიარისა და მარკეტინგის დეპარტამენტს სხვადასხვა კომპანიაშიც ხელმძღვანელობ. რამ გიბიძგა იმისკენ, რომ ბევრ სფეროში მოგესინჯა საკუთარი ძალები?

– პროფესიით ჟურნალისტი ვარ, ბაკალავრის ხარისხი სწორედ ამ სპეციალობაში მაქვს მიღებული, შემდეგ დავამთავრე მაგისტრატურა პიარისა და მარკეტინგის მიმართულებით, ახლა კი სადოქტორო ნაშრომზე ვმუშაობ ორგანიზაციის განვითარების და კონსულტირების მიმართულებით. ეს ყველაფერი კარგი კომბინაცია გამოდგა, თან თითოეული ეს მიმართულება კომუნიკაციაზე დგას. აქვე დავძენ, რომ მაქვს პიარ საკონსულტაციო კომპანია „ფეიმ კონსალტინგი“, შვიდ პროფესიონალ გოგოსთან ერთად ვმუშაობ და ძალიან მეამაყება. ზოგადად, როდესაც პროფესიაზე მესაუბრებიან, პირველი, რაც მახსენდება, არის ფრაზა – აირჩიე პროფესია, რომელიც გიყვარს და შენ არასდროს იმუშავებ. ჩემს შემთხვევაში ასეა, ამასთან, საყვარელი საქმე არასდროს მღლის. გარდა ამისა, ჩემთვის შედეგზე უფრო მნიშვნელოვანი პროცესია. სამწუხაროდ, 21-ე საუკუნეში პიარი რეკლამის კეთებად ესმით. პიარი კი, უპირველესად, ეს არის სწორი კომუნიკაცია მომხმარებელთან და კომპანიისთვის იმიჯის და რეპუტაციის შექმნა. და კიდევ, ხაზს გავუსვამ ერთ დეტალს, რომელსაც რატომღაც ყურადღებას არ აქცევენ – დღეს უკვე ყველა კომპანია პერსონიფიცირდება. მიმუშავია ისეთ კომპანიებთან, რომლებიც არიან წარმატებულები, აქვთ დიდი ბრუნვა, მაგრამ საზოგადოება მათ სათანადოდ არ იცნობს. რომ მიკითხავს, რატომ არ უნდათ მეტი ცნობადობა, უთქვამთ, ისედაც დიდი შემოსავალი გვაქვს და რაში გვჭირდებაო. არ არის ასე. თუ ვიღაცით, მათ შორის პიარით არ პოზიციონირდება კომპანია, მომხმარებელი ბოლომდე არ ენდობა მას.

ხელოვნური ინტელექტის ფაქტორი გაფრთხობს?

– საერთოდ არა. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ გადავაწყდი სოციალურ ქსელში გვერდს, რომელიც კომპანიებს ზუსტად იმ მომსახურებას სთავაზობდა, რასაც მე, ერთი ერთში, მაგრამ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით. ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ის ლამაზი გოგონა, რომელიც კონკრეტული სერვისების შესახებ ჰყვებოდა, ჩემთვის არ არის საშიში, რადგან ის ისე ვერ იმოქმედებს, როგორც ცოცხალი ადამიანი ემოციებით. ამ ეტაპზე კონკურენტად ვერ აღვიქვამ, თუმცა შეიძლება მომავალში ვთქვა, რომ ვცდებოდი, არაფერია გამორიცხული. ამ ეტაპზე ცოცხალი ურთიერთობა და კომუნიკაცია არის ის, რასაც, უხეშად რომ ვთქვათ, კომპიუტერი ვერ ჩაანაცვლებს. ხელოვნურმა ინტელექტმა მნიშვნელოვნად გაამარტივა საქმე, ამიტომაც, ვიდრე შესაძლებელია, ის ჯერ ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ.

არის სფერო, რომელში საქმიანობასაც ერიდები, ფიქრობ, რომ იქ არ არის შენი ადგილი?

– არა, ყველგან ვიმუშავებდი სიამოვნებით. სწორედ იმიტომ მიყვარს ჩემი საქმე, რომ დღეს შეიძლება სამშენებლო კომპანიისთვის იმუშაო, ხვალ – საკონდიტროსთვის, ზეგ – სამედიცინოსთვის, შესაძლოა, მიმართულებები განსხვავებულია, მაგრამ მიმზიდველობა იმაშია, რომ ყველგან შენს საქმეს ემსახურები.

– ეს შემართება თავდაჯერებულობის დამსახურებაა?

– უფრო იმის, რომ მიყვარს გამოწვევები, არ მეშინია შეცდომების. შეცდომა ყოველთვის შეგიძლია აქციო გამოცდილებად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g