საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები და კერძო სექტორის ათამდე კომპანია ესპანეთში, მადრიდში, მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობენ.

FITUR-2025-ზე საქართველოს სტენდი გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა დაათვალიერა. გამოფენას დაესწრო ესპანეთში საქართველოს ელჩიც ალექსანდრე ჭკუასელი.

საქართველოს სტენდთან, 5 დღის განმავლობაში, სტუმრებს საშუალება ექნებათ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, დააგემოვნონ ქართული კერძები და ღვინო.

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გამოფენის ფარგლებში, Tripadvisor-ის ღონისძიებაში მონაწილეობდა. ასევე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა წამყვანი საერთაშორისო კომპანიების წარმომადგენლებთან, საქართველოში მარკეტინგული კამპანიების გამართვისა და თანამშრომლობის მიზნით. კომპანიებს შორისაა: British Airways, Expedia, Thinkstrawberies, Epic Road Rides, Paramaunt, Edreams odiego და ესპანური მარკეტინგული კომპანია Comunica por Cuatro.

FITUR-2025-ზე 152 ქვეყანა, 10 ათასამდე კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. ღონისძიებას 153 ათასზე მეტი ვიზიტორი ჰყავს.