საქართველოს წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა ექნება. თბილისთან ახლოს, „ქვიშიანას მთის 1100 ნიშნულზე“ დღეიდან ახალი მეტეორადიოლოკატორი შევიდა ექსპლუატაციაში. მისი მეშვეობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციას” შესაძლებლობა ექნება, მუდვივ რეჟიმში მოახდინოს საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, ფრენებისასთვის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და გადაცემა საფრენოსნო ხომალდებისთვის.
მეტეორადიოლოკატორი ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ამერიკულმა კომპანიამ EEC (Enterprise Electronics Corporation) დაამონტაჟა.
ახალი, ამერიკული წარმოების ლოკატორი თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მეტეო ოფისებს მეტეორადიოსალოკაციო ინფორმაციით უზრუნველყოფს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით, მეტეო შეტყობინენების თანამედროვე სისტემა მნიშვნელოვანია საავიაციო რისკების პრევენციისთვის, რაც უსაფრთხო ფრენებს საქართველოს საჰაერო სივრცეში კიდევ უფრო ეფექტურს და მოქნილს გახდის.
“ადრეული გაფრთხილების სისტემები, მეტეოროლოგიურ მოვლენებზე წინასწარ ინფორმაციის ფლობა და ამ ინფორმაციის მართვა, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მეტეოროლოგიური მიზეზით გამოწვეული ნებისმიერი რისკი თავიდან ავირიდოთ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მოვიწვიოთ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, დავნერგოთ თანამედროვე სისტემები და სააერნაოსნო მომსახურება, მსოფლიოში ავიაციის სფეროს განვითარების კვალდაკვალ წინ წავწიოთ”, – განაცხადა მეზვრიშვილმა.
ფრენების უსართხოებისა და პოტენციური საჰაერო ინციდენტების დროული და ეფექტური პრევენციის მიზნით, მოხდება ნებისმიერი მეტეოროლოგიური საფრთხის იდენტიფიცირება და საფრენოსნო ხომალდებისთვის დროული სიგნალის მიწოდება.
აღნიშნული პროექტი აამაღლებს სინოპტიკოსების მიერ დაწერილი პროგნოზების სიზუსტეს და მეტეოროლგოიურ სამსახურს, სხვადასხვა სიმაღლეებზე არსებული ფრენებისათვის საშიში მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. აღნიშნული მეტეორადიოლოკატორი სრულად დაფარავს აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს საჰაერო საინფორმაციო სივრცის დასაფარად, “საქაერონავიგაციაში” მიმდინარეობს მუშაობა, დამატებითი, მეორე მეტეორადიოლოკატორის შესაძენად.