LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიხსნა

133
გენადი

თბილისში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიხსნა. შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა, საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, წარმოშობის წესები, საბაჟო პროცედურები, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები და ეკონომიკური თანამშრომლობის ისეთი სფეროებიც, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა და ინვესტიციები.

საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ხოლო კორეის რესპუბლიკის მხრიდან დელეგაციას ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს სავაჭრო მოლაპარაკების დეპარტამენტის გენერალური დირექტორი სუნგგინ ჩანგი.

გენადი არველაძის განცხადებით, მოლაპარაკებების გახსნას წინ უძღოდა მრავალწლიანი ინტენსიური მუშაობა კორეის რესპუბლიკის მხარესთან, აგრეთვე მომზადდა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მიზანშეწონილობის კვლევა, რომლის შედეგებმა აჩვენა, რომ შეთანხმების გაფორმება ურთიერთსარგებლიანი იქნება ორივე მხარისთვის.

„შეთანხმება დადებითად აისახება როგორც ორმხრივ ვაჭრობაზე, ასევე სტიმულს მისცემს კორეელ და საერთაშორისო ბიზნესმენებს ინვესტიციები საქართველოში დააბანდონ. 1997-2022 წლების მონაცემებით, კორეის რესპუბლიკიდან საქართველოს ეკონომიკაში 211 მლნ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა. შეთანხმების შედეგად, ეს მაჩვენებელი გაცილებით მეტი იქნება. ამასთან, სამხრეთ კორეა 60-მილიონზე მეტი მაღალმყიდველუნარიანობით გამორჩეული მომხმარებლით პრიორიტეტული ბაზარია ქართველი ექსპორტიორებისთვის,“ – განაცხადა გენადი არველაძემ.

მისივე თქმით, ორმხრივი ვაჭრობის გარდა, მზარდი დინამიკით ხასიათდება ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში – 2023 წელს კორეის რესპუბლიკიდან საქართველოს ეწვია 191%-ით მეტი ტურისტი წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

გენადი არველაძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნება, რაც კიდევ უფრო წაახალისებს ორი ქვეყნის ურთიერთობებს, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები