LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოსა და სამხრეთ კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ სამხრეთ კორეულმა გამოცემამ სტატია გამოაქვეყნა

115
კორეა

„კორეა-საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება – გზა ორმხრივი სარგებლის მომტანი დიპლომატიისკენ“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა ავტორიტეტულმა სამხრეთ კორეულმა გამოცემამ „The Korea Herald“ სტატია საქართველოსა და კორეის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ.

გამოცემას ინტერვიუ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ მისცა, რომელმაც, კორეის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, კორეის ვაჭრობის მინისტრთან დუგკუნ ანთან ერთად ხელი მოაწერა საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყების ერთობლივ განცხადებას. ასევე, გაფორმდა შეთანხმების მოლაპარაკებების პირობების დოკუმენტი. შეთანხმებაზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 2024 წლის პირველ კვარტალში გაიმართება.

სტატიის ავტორის განმარტებით, საქართველოს, როგორც ენერგეტიკულ დერეფანს, ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების ძირითადი მარშრუტების ალტერნატივას, მაღალი სტრატეგიული ღირებულება აქვს და მისი ბაზარი ისეთ ეკონომიკურ ზონებთანაა დაკავშირებული, როგორებიცაა ევროკავშირი, სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა.

„კორეა ჰერალდთან“ ინტერვიუში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე იმედს გამოთქვამს, რომ შეთანხმებას ხელი მომავალ წელს მოეწერება. მისი თქმით, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ ორმხრივ ვაჭრობაში ამჟამად არსებული 100 მილიონი აშშ დოლარის ბრუნვა მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. გენადი არველაძის თქმით, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება კორეის ბაზარზე ისეთი ქართული პროდუქციის შეტანის შესაძლებლობას შექმნის, როგორებიცაა ღვინო, თხილი, სასუქი, ჩირი, ხილი, ბოსტნეული და სხვა.

„კორეა ჰერალდთან“ საუბარში არველაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა ისეთ პროექტებზე, როგორებიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზი, სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაცია და შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი. მან ხაზი გაუსვა სამხრეთ კორეიდან მიმდინარე წლის ცხრა თვეში 11 000-ზე მეტი ვიზიტორის სტუმრობასაც. მინისტრის მოადგილის განცხადებით, მომავალი წლის მაისიდან სეული-თბილისის ჩარტერული ფრენების განახლება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ტურისტული ნაკადების გაზრდას და ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებს ახალ იმპულსს მისცემს .