მსოფლიო მონაცემების მიხედვით, დღემდე ითვლება, რომ კოვიდ 19-ით ინფიცირება ბავშვებში იშვიათია, ამის მიუხედავად, საქართველოს ამ ეტაპზე, კორონავირუსით დაინფიცირებული 5 ბავშვი ჰყავს. ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ყველა მათგანის შემთხვევაში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და არცერთ მათგანში ფილტვების ანთება დაფიქსირებული არ არის.
კორონავირუსით ინფიცირებულთა უმაღლეს რიცხვს აპრილის პირველ კვირაში ვვარაუდობთ: ჯანდაცვის მინისტრი
„ საერთო რაოდენობიდან შეიძლება ჩაითვალოს, რომ 5 ბევრია, მაგრამ პედიატრიულ პაციენტებში ეს დაავადება მიმდინარეობს მსუბუქად. საქართველოში ყველა ბავშვის მდგომარეობა მიმდინარეობს მსუბუქად, არცერთ ბავშვში ფილტვების ანთება არ დაფიქსირებულა. ამიტომ, კორონავირუსი ბავშვებში არის იშვიათი და თუ მიმდინარეობს, მიმდინარეობს მსუბუქად ან საშუალო სიმძიმით“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ამასთან, როგორც ივანე ჩხაიძე აღნიშნავს, სხვადასხვა წყაროების მიხედვით, დღემდე ითვლება, რომ კორონავირუსი პედიატრიულ ასაკში ძალიან იშვიათია.
“სამი განსახვავებული წყაროა. ბავშვების ინფიცირების კუთხით, ჩინური წყარო ასახელებს 2%-ს, იტალიური კოლეგების მიერ არის 1.2 % დაფიქსირებული, ამერკელების მიერ – 5%, თუმცა ამას აჩვენებენ საერთო რაოდენობაში და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები არის 1%-ს პედიატრიულ პაციენტებში“,- განაცხადა ჩხაიძემ.
შეგახსებეთ, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებული კორონავირუსით ინფიცირების 77 შემთხვევიდან 10 გამოჯანმრთელებულია.