გადაცემა „ვიზიტორის“ სტუმრები ტელეწამყვანი ვანო ჯავახიშვილი და კომიკოსი თამუნა ლეკვეიშვილი იყვნენ.
– თამუნა, როგორია განწყობა?
– წინასაახალწლო, წინასაკონცერტო და ძალიან კარგი. ბევრი გადარბენით.
– მოგწონს ასეთ რეჟიმში ყოფნა?
– რომ არ მომწონდეს, არც ვიქნებოდი.
– ოჯახი რომ არის უკან?
– არა, ოჯახი ყოველთვის წინ არის, მაგრამ ფოკუსებს ვატარებ და ვახერხებ, რომ ორივეს ყურადღება მივაქციო.
– ვანო, როგორია შენი განწყობა?
– მოგესალმებით და მიყვარს ამ სტუდიაში მოსვლა, რადგან ძალიან მიყვარს „ფორტუნა პლუსი“, რომელიც თანამედროვე მუსიკას აწვდის მსმენელს.
– უკვე 10 წელია, რაც შენი შოუ არსებობს, გილოცავ ამ იუბილეს. იუმორი საკმაოდ რთული საკეთებელი საქმეა, რა არის ამ ყველაფრის მუზა?
– ამაში პროფესიონალთა ჯგუფი მეხმარება. 10 წელი „ვანოს შოუს“ შეუსრულდა და ჩვენ მანამდეც ვქმნიდით იუმორს, რომელიც იმით არის რთული, რომ იუმორი არ მეორდება და ყოველი გადაცემა წინაზე უკეთესი უნდა იყოს. აქტუალური პოლიტიკური მოვლენები ხელს გვიწყობს გადაცემის კეთებაში. სხვა სფერო უბრალოდ არ არსებობს.
– როდესაც ჩიხში შედიხართ და კრიზისი გაქვთ, რა გზას მიმართავთ ამ დროს?
– ამ დროს ვიგონებთ გლობალურ თემას და მის გარშემო ვტრიალებთ. შესაძლოა, ეს მსოფლიო თემაც იყოს, გვაქვს ამისი ამბიცია. კრიზისები ხშირად არის, მაგალითად არჩევნების შემდეგომი დაახლოებით ერთი თვე. არჩევნების წინ კი, რასაც ქვია, „ვგულაობთ“.
– პოლტიკა რამდენად გაინტერესებთ?
თამუნა: სხდომების ყურების დრო არ მაქვს, ერთადერთი, რასაც ვუყურებ არის „კურიერი“.
ვანო: ამას ისე გამოსდის, არასოდეს რომ არ უყურებენ ტელევიზორს და ყოველთვის ყველაფერი რომ იციან (იცინის). არსებობს ისეთი კატეგორიაც, კვირიდან კვირამდე პარასკევს რომ ელოდება და ჩემი მონოლოგიდან რომ იგებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
– ხშირად ამბობენ, რომ მიკერძოებული ხარ…
ვანო: ამას „რუსთავი 2“-ის მისამართით ხშირად ამბობენ. ჩვენ ყველანაირ ნიუსს ვაშუქებთ, საქართველოში არ არსებობს ტელევიზია, რომელიც გარკვეულწილად მიკერძოებული არ იქნება. მსოფლიოშიც არსებობს ასეთი მაგალითი, FOX, CBS და ა.შ.
უბრალოდ ჩვენი გადაცემის ფორმატია, რომ პოლიტიკაზე ვხუმრობთ, ასე იყო მიშას დროსაც.
– თამუნა, ეკა ბესელიას თუ ჰქონია რეაგირება შენს ცნობილ შეძახილზე?
– მე მას პირადად არ ვიცნობ და შესაბამისად ზუსტად ვერ გეტყვით რას ფიქრობს, მაგრამ გიორგი გაბუნიას გადაცემაში სტუმრობისას რამდენჯერმე ახსენა ჩემი პაროდიის შესახებ და სავარაუდოდ, არ მოსწონს.
– როგორ უთავსებ სამსახურსა და სამ შვილს ერთმანეთს?
– წინასაკონცერტოდ ვარ ასე ძალიან დაკავებული, მანამდე, ჩვეულებრივ გრაფიკში საღამოობით ბავშვებისთვის და ოჯახისთვის დრო სულ მრჩება.
– ვანო, შენს შემთხვევაში როგორ არის?
– ახლა ძალიან რთული პერიოდია და მეუღლემაც იცის, რომ დეკემბერში არაფრის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ სამაგიეროდ შურისძიება იცის. ახალი წლების შემდეგ ყოველთვის დასასვენებლად მივდივართ და ძალიან ბევრს მატარებს ფეხით. მაგალითად, ერთხელ რომში ვიყავით და ჩვეულებრივად ფეხით მაქვს შემოვლილი ეს ქალაქი. იგივე შემიძლია ვთქვა სტამბოლზე და ა.შ.
– ძალიან ხშირად ახალი პერსონაჟები ჩნდებიან თქვენს შოუში, ბევრი ჰიტიც შექმენით. როგორ ხდება ახალი პერსონაჟების შემოღება?
თამუნა: ზოგადად, ხელს გვიწყობს ახალ სიტუაციებში მოხვედრა. ასე იყო მარინა და ზოიას შემთხვევაში. სრულიად მოულოდნელად დაგვებადა ეს იდეა, მოვსინჯეთ სკეტჩში და გაამართლა.
– ვანო რამდენად კრიტიკულია?
– ძალიან კრიტიკულია და სხვათაშორის, სწორ შენიშვნებს იძლევა.
– მოგვიყევით, რა ხდება 17 და 18 დეკემბერს ფილარმონიაში?
– როდესაც კონცერტებზე ფიქრი დავიწყეთ, ვფიქრობდით გვქონოდა თუ არა პოლიტიკა მასში. გავითვალისწინეთ მაყურებლის სიტუაცია, რომელბსაც ხშირად ბავშვები მოჰყავთ, რომლებსაც ჩვენი შეხედულებები არ უნდა მოვახვიოთ თავზე. ასევე პოლიტიკა მაშინ ფიგურირებს დიდი დოზით, როდესაც ტემპერატურა არის მაღალი და ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის მაღალი „პოლიტიკური ტემპერატურა“.
– ყველაზე მეტად რომელ ნომერს გამოარჩევდით?
– ჩემი (იცინის). სხვათაშორის, მე და თამუნა კარგ სიურპრიზს ვუმზადებთ მაყურებელს, რასაც მხოლოდ 17-ში და 18-ში გაიგებთ. ზოგადად, ბევრი მოულოდნელობა ელოდება ხალხს.
– თამუნა, ძალიან კარგად მღერი და რატომ არ გაყევი ამ საქმიანობას?
– კონსერვატორიაში დავამთავრე საკომპოზიტორო. ვოკალური რომ დამემთავრებინა ალბათ გავყვებოდი, მაგრამ კომპოზიტორმა რა უნდა აკეთოს დღეს საქართველოში?
ვანო: სხვათაშორის, თამუნა „რადიო 105“-ში მუშაობდა, სანამ ჩვენთან მოვიდოდა და იქ მღეროდა.
– არის ლაპარაკი, რომ 19-ში დაემატება კონცერტი…
– დიახ, დიდი მოთხოვნაა ბილეთებზე და გამორიცხული არ არის, რომ 19-შიც გავმართოთ კონცერტი.
– წარმატებებს გისურვებთ.
გადაცემის აუდიოჩანაწერი