საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური დასრულდა, 20 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა.
17 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობამ ყველა მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 30.99 % შეადგინა (767 907 ამომრჩეველი), ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.
მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა №37-ე მაჟორიტარული ოლქის მცხეთის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე, აქტივობამ შეადგინა 51.6%.
ასევე, 50 მაჟორიტარულ ოლქს შორის ყველაზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა №44-ე მაჟორიტარული ოლქის ახალციხე-ადიგენის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე – 46.7% და №60-ე მაჟორიტარული ოლქის ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიაზე – 45.7%.
17:00 საათის მდგომარეობით ყველაზე დაბალი აქტივობის მაჩვენებელი დაფიქსირდა №41-ე მაჟორიტარული ოლქის გორის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე – 17.7%, ასევე №მე-9 მაჟორიტარული ოლქის ისნის საოლქო საარჩევნო კომისიის სამოქმედო ტერიტორიაზე – 21.4%.
ანა მიქელაძემ ასევე წარადგინა ინფორმაცია ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში შემოსული მონაცემების შესახებ:
ჯამში სულ საინფორმაციო ცენტრში შევიდა 410 ზარი, ხოლო ონლაინ ჩატით ისარგებლა 37-მა ამომრჩეველმა. შემოსული ზარების უმეტესი ნაწილი ამომრჩევლების მიერ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეეხებოდა.
ამ წუთებში იწყება ხმის დათვლის პროცედურა, შემაჯამებელ ოქმებს ცესკო მიღებისთანავე ეტაპობრივად ატვირთავს სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.
შემოსული ოქმების მონაცემები ოპერატორების მიერ სპეციალურ პროგრამაში იქნება შეყვანილი და ცესკოში ოქმების შემოსვლის დაწყებიდან დაახლოებით 2 საათში, ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება პირველი წინასწარი შედეგები 50 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის მიხედვით. წინასწარი შედეგები ეტაპობრივად განახლდება შემოსული ოქმების მონაცემების მიხედვით.
დღეს, საარჩევნო ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია მთაწმინდის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის უბნებზე მარკირებული ამომრჩევლების მასობრივი მისვლის შესახებ. აღნიშნული ერთეული ფაქტები დაფიქსირდა როგორც ისნის, ისე ფოთისა და ქუთაისის მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების უბნებზე. თუმცა, საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნავს, რომ მსგავსი მასობრივი ფაქტები, კონკრეტულად კი მთაწმინდის ოლქში იწვევს ეჭვს და ტოვებს ორგანიზებული მცდელობის შთაბეჭდილებას. ამ ადამიანებს არ მიეცათ ხმის მიცემის უფლება.
მარნეულის ოლქში 2 საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემა. ერთ შემთხვევაში ყუთის ჭრილი არ იყო დალუქული, სადაც 3 ბიულეტენი იყო. აღნიშნული ყუთი დაილუქა და სავარაუდოდ გაბათილდება. ხოლო მეორე შემთხვევაში, ხელმოწერით და ბეჭდით არ იყო ბიულეტენები დამოწმებული, რაც ასევე კანონმდებლობის მიხედვით ბათილობის საფუძველია.
არ დასტურდება მთაწმინდის მე-20 უბანზე გადასატანი ყუთის გადატაცების ფაქტი. ეს ინფორმაცია გავრცელდა მედიას საშუალებებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ. აღნიშნული რამდენჯმერმე გადამოწმდა და სიმართლეს არ შეესაბამება.