არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ საქართველოში ფიშინგის შემთხვევების ზრდის შესახებ იტყობინება და სოციალურ ქსელებში ფიშინგის ბოლო დროს გავრცელებულ სქემებს მაგალითებად წარმოადგენს, კერძოდ:
- მომხმარებელმა facebook-ზე მიიღო შეთავაზება დასაქმების შესახებ, რის სანაცვლოდაც უნდა ჩაერიცხა თანხა.
- ასევე facebook-ზე, მომხმარებელმა ნახა რეკლამა, სადაც გათამაშებაში მონაწილეობას სთავაზობდნენ და მოგებული თანხის მიღების სანაცვლოდ გარკვეული თანხის ჩარიცხვას სთხოვდნენ.
- Instagram-ზე მოწონებების დაგროვებით გამომუშავებული თანხების ჩარიცხვა.
- Whatsapp-ზე სთავაზობენ გარკვეული ვიდეოების მოწონების სანაცვლოდ თანხის ჩარიცხვას, თანხმობის შემთხვევაში აწვდიან telegram-ის ბმულს, სადაც მომხმარებლები იღებენ დავალებებს. პირველ ეტაპზე „თაღლითები“ რიცხავენ მცირე თანხას, ნდობის მოპოვების შემდეგ კი უკვე მომხმარებელს არიცხვინებენ ფულს.
„საზოგადოება და ბანკები“ მოქალაქეებს თაღლითობის თავიდან ასაცილებლად რეკომენდაციებსაც სთავაზობს:
- არ ენდოთ სოციალურ ქსელში დაუჯერებლად მიმზიდველ შეთავაზებას, დიდი ალბათობით ეს თაღლითური მახეა.
- კომპანიებში დასაქმების დაპირების შემთხვევაში აუცილებლად გადაამოწმეთ, რამდენად რეალურია შეთავაზება – სანდო კომპანია დასაქმების სანაცვლოდ თანხის ჩარიცხვას ან ბარათის მონაცემების გაზიარებას არასდროს მოგთხოვთ.
- არავის გაუზიაროთ თქვენი მობაილ ბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი.
- თუ უცხო პირი ან რომელიმე კომპანია ბარათის მონაცემების გაზიარებას მოგთხოვთ, ეს უკვე ინდიკატორია იმის, რომ თაღლითების სამიზნე ხართ, რადგან თანხის ჩასარიცხად ანგარიშის ნომრის გაზიარებაც სრულიად საკმარისია.
შეგახსენებთ, ფიშინგი კიბერთაღლითობის გავრცელებული ფორმაა, რომლის მიზანია მსხვერპლს მოტყუების გზით მოჰპაროს პირადი ინფორმაცია შემდგომი ქურდობის მიზნით.