ავიაკომპანია Eurowings-მა საქართველოს საავიაციო ხელისუფლებას დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის საჰაერო ხაზზე ფრენების განსახორციებლად საჭირო ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA) აცხადებენ, უწყება Eurowings-დან დამატებითი ტექნიკური დოკუმენტაციის მიღების პროცესშია. “სააგენტო აწარმოებს კონსულტაციებს ავიაკომპანიასთან, დაწყებულია ასევე შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის მიღების პროცესი”, – აცხადებენ სააგენტოში. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს.
შეგახსენებთ, გერმანული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Eurowings, რომელიც დიუსელდორფის აეროპორტშია ბაზირებული, თბილისის მიმართულებით ფრენებს ივლისის ბოლოდან გეგმავს. ავიაკომპანიის ვებგვერდზე დიუსელდორფი-თბილისი-დიუსელდორფის მიმართულებაზე ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია.