LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში გაზრდილია იმ კომპანიების წილი, რომლებიც თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას გეგმავენ

84
21

საქართველოს ბიზნესასოციაცია BAG ინდექსის დასაქმების ბარომეტრის 2022 წლის მეორე კვარტალის შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, დასაქმების მაჩვენებელმა 27.7 ქულა შეადგინა, რაც 2019 წლის მეოთხე კვარტალის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ BAG ინდექსის დასაქმების ბარომეტრი საქართველოს ბიზნესასოციაციის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების იმ მოლოდინებს აჯამებს, რომელიც მომავალი კვარტალის დასაქმების სავარაუდო ცვლილებებს უკავშირდება.

საქართველოს ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ დასაქმების ბარომეტრი გასულ და მიმდინარე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებების შედეგებსაც ასახავს როგორც საერთო, ისე სექტორულ ჭრილში.

„მიმდინარე კვლევის თანახმად, დასაქმების ბარომეტრის ინდექსი გაუმჯობესებულია ყველა სექტორში, მშენებლობის სექტორის გარდა, კერძოდ, მაჩვენებელი 10.2 ქულით გაუარესდა წინა კვარტალთან შედარებით, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს მიმდინარე კვარტალში შემცირებული გაყიდვებით, რასაც სექტორში გამოკითხული კომპანიების 40% აფიქსირებს. უნდა აღინიშნოს, რომ დასაქმების მიმართულებით სტაბილურად პოზიტიური დინამიკა შეინიშნება მრეწველობის სექტორში. პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ, სექტორში გამოკითხულმა კომპანიებმა გაზარდეს თანამშრომელთა რაოდენობა როგორც პირველ, ისე მეორე კვარტალში. რაც შეეხება ვაჭრობის, მშენებლობის და მომსახურების სექტორებს, კომპანიების მნიშვნელოვანი ნაწილი I კვარტალის მსგავსად, უცვლელად ინარჩუნებს დასაქმებულთა რაოდენობას“, – ნათქვამია საქართველოს ბიზნესასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საგულისხმოა, რომ მიმდინარე კვლევაში გაუმჯობესებულია კომპანიების მოლოდინები დასაქმების მიმართულებით. ამ მხრივ ყველაზე პოზიტიური შეფასება მრეწველობის სექტორში ფიქსირდება, სადაც კომპანიების 47% დასაქმებულთა ზრდას პროგნოზირებს. აღნიშნული, გაყიდვების ზრდის ოპტიმისტური მოლოდინით არის განპირობებული. წინა კვარტალთან შედარებით, ვაჭრობისა და მშენებლობის სექტორებში გაზრდილია იმ კომპანიების წილი, რომლებიც მომავალ კვარტალში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას გეგმავს.

ინფორმაციისთვის, BAG ინდექსის 2022 წლის მეორე კვარტლის კვლევა მომზადდა საქართველოს ბიზნესასოციაციისა და PMC კვლევითი ცენტრის მიერ ifo ეკონომიკური კვლევების გერმანული ინსტიტუტის მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g