საქართველოში გზის ახალი მეთოდით მოწყობის ექსპერიმენტული სამუშაოები დაიწყო.
გზის საფუძვლის ინოვაციური მეთოდით მოწყობის სამუშაოები პირველად ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 300-მეტრიან მონაკვეთზე (სომხეთის რესპუბლიკის საზღვარი) მიმდინარეობს.
ექსპრიმენტულ მეთოდით გზის რეაბილიტაცია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ დაათვალიერეს.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, ახალი მეთოდით გზის საფუძვლის მოწყობა ერთ კვადრატულ მეტრზე 5-6 დოლარი ჯდება, რაც თითქმის ორჯერ იაფია კლასიკურ მეთოდთან შედარებით. აღნიშნულ მეთოდს აქტიურად იყენებენ ევროპაში. მეთოდი უკვე აპრობირებულია აზერბაიჯანშიც. გარდა იმისა, რომ ინოვაციური მეთოდი გზის სწრაფად და იაფად რეაბილიტაციის საშუალებას იძლევა, ამ ფორმით მოწყობილი გზის საფუძველი უფრო მდგრადი და მყარია.
გზის ექსპერიმენტული მეთოდით მოწყობის სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია „აგეტე“, უსასყიდლოდ ახორციელებს. სამუშაოების დასრულების შემდგომ ჩატარდება სპეციალური ექსპერტიზა და სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში მისი დანერგვა აქტიურად დაიწყება.