საქართველოში ჰუმანიტარული და ლტოლვილის სტატუსის მქონე 1477 პირია, – ამის შესახებ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის მოადგილემ შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა. მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა იმ კრიტერიუმებზე, რომელიც საჭიროა ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მისაღებად.
“როგორც ლტოლვილი, ასევე ჰუმანიტარული სტატუსის 1477 პირია დღეისათვის საქართველოში. ეს ბუნებრივია, შესაბამისი კანონმდებლობით რეგულირდება. ჩვენ 2017 წელს მივიღეთ საერთაშორისო დაცვის შესახებ კანონი, სადაც გაწერილია ის მოთხოვნები, რის შემდეგაც კმაყოფილდება პირის მომართვა და ვანიჭებთ სტატუსს. ესაა: ეროვნული, რელიგიური, რასობრივი, გარკვეულ სოციალურ ჯგუფს მიკუთვნებული და პოლიტიკური ნიშნით დევნა. ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირს ეძლევა ჰუმანიტარული ან ლტოლვილის სტატუსი”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.
მან ის ქვეყნებიც დაასახელა, საიდაც გასულ წელს ყველაზე მეტი მომართვიანობა დაფიქსირდა.
“2017 მომართვიანობიდან შემიძლია ვთქვა, რომ პირველი იყო ეგვიპტე, ერაყი, უკრაინა და ა.შ”, – განაცხადა რეხვიაშვილმა.